ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში, სადაც ჟანგბადის ქარხანა 2020 წელს ააშენეს, კვლავ ჟანგბადის ბალონებს ითხოვენ
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია 3 მლნ ლარს ითხოვს, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აპარატურას გამარტივებული წესით შეისყიდის.

ამის შესახებ ოფიციალური წერილი 20 აგვისტოს შესყიდვების სააგენტოში გაგზავნეს.

ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის წერილის მიხედვით, სამხედრო ჰოსპიტლის წინაშე მწვავე პრობლემად დგას პაციენტების ჟანგბადით, სამედიცინო აპარატურითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან არსებული აღჭურვილობა არ არის საკმარისი პაციენტების გაზრდილი ნაკადის მომსახურებისთვის.

მკურნალობის ერთ-ერთ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს სუნთქვითი პარამეტრების სტაბილიზაცია, ვინაიდან ძირითადი ჩივილები მოიცავს სუნთქვის მზარდ უკმარისობას.

ჟანგბადის გაზრდილი მოხმარების გამო ჟანგბადის კონცენტრატორი მუშაობს სრული დატვირთვით, რაც პერიოდულად იწვევს მის ავარიულად გაჩერებას და ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას პაციენტებისთვის.

,,გვსურს განმარტოთ, რომ დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 24 აგვისტოს გაავრცელა. 

2020 წლის 9 ოქტომბერს, გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი ჟანგბადის ქარხნის დამონტაჟების შესახებ. ამისათვის 372 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ოქტავუსმა"" აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ დანადგარს ორ თვეში დაამონტაჟებდა.

გორის ჰოსპიტალში ჟანგბადის ქარხანის მშენებლობა 2020 წლის 9 დეკემბერს დასრულდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა გამოიმუშავებს არანაკლებ 52 მ³/სთ-ში. ქარხნიდან ჟანგბადის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში (ელ. ენერგიის შეწყვეტის ან 90%-ზე ნაკლები ჟანგბადის კონცენტრაციის შემთხვევაში), სისტემა ავტომატურად გადაირთვება ჟანგბადის ბალონებზე.

ჰოსპიტალი, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პერიოდში, კოვიდცენტრად 2021 წლის 16 აგვისტოდან გადაკეტდა. აქ საწოლფონდი (170 საწოლი) ამჯერად მხოლოდ კოვიდპაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები