ახალი ამბები
გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დანაშაულს სხვა პირი აღიარებს
გორში, 3 ივნისს მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლო პროცესები დაიწყო. 40 წლის მამაკაცის, ზურაბ რიკრიკაძის (ტრუტის) გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია ორი პირი - შალვა გულიაშვილი (სემსოტა) და ვახტანგ ზერეკიძე (,,ზერე'').

ამათგან, შალვა გულიაშვილს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ვახტანგ ზერეკიძეს - დანაშაულის დაფარვაში.

თუმცა, როგორც დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, ვახტანგ ზერეკიძემ განაცხადა, რომ ზურაბ რიკრიკაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან არა შალვა გულიაშვილმა, არამედ მან ესროლა.

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო. ვახტანგ ზერეკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ცეცხლი "ტრუტს" არა "სემსოტამ", არამედ მან გაუხსნა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ჯიუტად აცხადებს, რომ იარაღი შალვა გულიაშვილმა გამოიყენა. დღევანდელი პროცესი ფაქტობრივად ხარვეზებით მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებულები დისტანციურად დაიკითხნენ. მათ ფაქტობრივად კითხვები არც ესმოდათ. ამიტომ, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი გადადეგულიყო ერთი დღით'' - აცხადებს შალვა გულიაშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი 3 ივნისის ღამეს მსხვერპლით დასრულდა, სროლას 40 წელს გადაცილებული ზურაბ რიკრიკაძე იგივე "ტრუტი" ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები