ახალი ამბები
გორის მერის წარმომადგენელი გახარიას გუნდს შეურთდა
გორის მერის წარმომადგენელმა გიორგი როსტომაშვილმა მმართველი გუნდი მიატოვა და გახარიას პარტიაში გაწევრიანდა.

ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში პარტიის ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენელმა, თენგო მჭედლიძემ გაავრცელა. 

როსტომაშვილის ნაბიჯს ამავე უბნის ,,ქართული ოცნების'' კოორდინატორი და მერიის წარმომადგენლის სპეციალისტი თამარ კილაძე ეხმაურება.

თამარ კილაძის განცხადებით, როსტომაშვილი სამსახურში არ დადიოდა და ხელფასს მაინც იღებდა:

,,გიორგი როსტომაშვილი მოღალატე გახარიას მარჯვენა ხელის, ასევე მოღალატე გიგი ხოჯევანიშვილის დანიშნული იყო, რომელიც სამსახურში არასდროს მისულა და ხელფასს ისე იღებდა, რაშიც მთელი ჩვენი საჯარო სამსახური დამემოწმება და ამ ფაქტს დაადასტურებს. მოახლოვდა არჩევნები, დაურეკეს ან ზეწოლა მოახდინეს და ისიც ხოჯევანიშვილთან ვალში მყოფი, მასთან ანგარიშვალდებული გახარიას პარტიაში წავიდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამოყვანას ისე ეცდებიან, თითქოს „ქართული ოცნება“ კიდევ ერთმა პირმა დატოვა და გახარიას შეუერთდა, თუმცა ეს ჩვეულებრივი ტყუილი და ბლეფია. მისი წასვლა სამსახურს არანაირად არ დაეტყობა, რადგან აქამდეც ხოჯევანიშვილის მიერ ჩანერგილი და უფუნქციო იყო, ახლა კი, უბრალოდ ისევ გახარიასთან გააფორმებენ.'' - წერს თამარ კილაძე.

,,ის განუკითხაობა, რაც დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რეგიონსა თუ ქვეყანაში ხდება, ის ზეწოლები, უღირსი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ, აღარ მაძლევს მორალურ უფლებას მერქვას "ქართული ოცნების" მერის წარმომადგენელი გორის წმინდაწყლის # მე-2 ადმინისტრაციულ ერთეულში. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა და ჩემი გორისთვის, გორელებისთვის შრომა და ბრძოლა გავაგრძელო ყველაზე ძლიერი ლიდერის, გიორგი გახარიას პროფესიონალი, ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანების გუნდთან ერთად.'' - განაცხადა გიორგი როსტომაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები