ახალი ამბები
ტანას ხეობაში ტურისტები საპირფარეშოებს ეძებენ - აცხადებენ ტურიზმის ცენტრში
ტანას ხეობაში, განსაკუთრებით, ატენის სიახლოვეს ტურისტები გულისწყრომას გამოხატავენ, რომ არ არის საპირფარეშოები.

ამის შესახებ გორის ტურიზმის განყოფილების მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

გორის მერიის ტურიზმის ცენტრი ითხოვს, რომ მოწესრიგდეს საპირფარეშოების პრობლემა როგორც ტანას ხეობაში:

,,გორში არასაკმარისია სველი წერტილები (ტუალეტები), ხოლო ატენის ხეობაში საერთოდ არ არის, რაც ტურისტების სამართლიან გულისწყრომას იწვევს'' - აღნიშნულია ანგარიშში.

ეს ანგარიში გორის საკრებულოს წარუდგინეს, რომლის განხილვა საკრებულოს 10 სექტემბრის სხდომაზე იგეგმება. მანამდე ანგარიშში კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი ესწრებოდა:

,,საკრებულოს კომისიის სხდომაზე ტურიზმის ანგარიში მოვისმინეთ და მათ შორის დიდი სიამაყით აღინიშნა ატენში საპიკნიკე ადგილის მოწყობა. დავინტერესდი და ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს პროექტსო, ოღონდ არ იციან, ბოლოს ვისი საკუთრება იქნება, იჯარით გასცემენ თუ არა, წყალი, დასუფთავება, განათება, ნაგვის გატანა როგორ მოხდება? ბოლოს მივადექი " მოკრძალებულად" ტუალეტებს! გამწარდნენ, ეგ რაღა მოსატანია ეხლაო, ხედავ, რა შარიანი ხარო? იმხელა ატენშიო?'' - წერს ირმა ამბარდნიშვილი.

საკრებულოს წევრები ტურისტებს ბიოტუალეტების ძებნას, ბუნებაში მოფარებულ ადგილზე გასვლა ურჩევენ.
,
,,ამ ზაფხულს კოლეგები წავედით ატენში წინასწარ შერჩეულ საუკეთესო ადგილას. დენის ჩამრთველი იქ არ იყო, მუსიკა რომ ჩაგვერთო და წყალი კიდევ ბოცებით ავიტანეთ. კარგი ეგ ჯანდაბას ორი ჭიქის შემდეგ სულ ლუჩანო პავაროტი და მარია კალასი იყო ყველა! აი საზამთრო რომ ჩამოატარეს ხონჩით გარემო საგულდაგულოდ დავათვალიერე და ტუალეტი არ არის! რას ვიზავდით მე და კოლეგა გაუყევით საცალფეხო ბილიკს ატენის კლდოვან ქარაფებზე სულ " ჯიხვი ქარაფზე ხტის" სიმწრით მემღერებოდა, ბეჭებით კლდეზე მიხუტებულები მივდივართ, დაბლა უფსკრულია კიდევ! ვაი, ირმა სადა კვდები მეთქი? ამდენი დუშმანი, ვერ მოგერია და სად იღუპები! მოსახვევიც გამოჩნდა, თვალსაც მოვეფარეთ და ბილიკი დამთავრდა - ხრამია! ეხლა გასვლა ხომ მაინც ადვილია და გამოსვლა არ გინდა? ძლივს გამოვედი ცოცხალი და ცას ავხედე მადლიერების ნიშნად!'' - წერს საკრებულოს წევრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები