ახალი ამბები
იმერხევის გზაზე ახალი ასფალტი უკვე დაზიანდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერიდან იმერხევამდე დამაკავშირებელ გზას პრობლემები შეექმნა.

ნალექის დროს კლდიდან ქვები ცვივა და ნიაღვარი მოდის. ყველაზე რთულ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი უკვე დაზიანდა.

გზა, დაახლოებით 1 კმ მანძილზე, 2020 წელს შეკეთდა. სამუშაოებს კომპანია ,,შარა'' აწარმოებდა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გზის ამ მონაკვეთის სამუშაოები დასრულდა.

2021 წელს დაიწყო გზის მეორე მონაკვეთის სამუშაოები. ახალ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულების მიხედვით, წელს დაზიანებულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელახლა ჩატარდება, რაშიც დამატებითი ფინანსები დაიხარჯება.

ჯამურად, იმერხევამდე მისასვლელ გზაზე, 2020-2021 წლების ხელშეკრულებების მიხედვით, 2 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გზას ხშირად ისე კეტავენ, რომ სოფელი იმერხევი იზოლაციაში ექცევა.

შემოვლითი გზა კი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია და მსუბუქ მანქანებს გავლა უჭირთ, არ არის გრუნტით მოპირკეთებული:

,,თვითონ მოსახლეობა არაფერს ამბობს და თქვენ რა პრეტენზიები გაქვთ?'' - გაცხარდა სამუშაოების ზედამხედველი პირი. ჩვენს შენიშვნაზე, რომ მილიონიანი ტენდერია და ვალდებულია კომპანია ალტენატიული გზა მოაწყოს, ამან სხვა თანამშრომლების გაღიზიანებაც გამოიწვია:

,,რა მილიონებია? ჩვენ კაპიკებს ვიღებთ და რა მილიონებს ვიღებთ?'' - აცხადებენ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები