ახალი ამბები
კასპის ყოფილი და მოქმედი მერების ფიზიკურ დაპირისპირებას ადასტურებენ
კასპში, მცხოვრები ია ქვლივიძე ადასტურებს, რომ მოქმედი და ამჟამინდელი მერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მას ქალბატონები შეესწრნენ.

ამის შესახებ განცხადება ია ქვლივიძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევა მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

,,დიახ, გალახეს! ვადასტურებ! ნამდვილად გალახეს! დღისით, მზისით, მე- 3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ ჩვენივე უბნის ქალბატონები აშველებდნენ.'' - აცხადებს ია ქვლივიძე.

ია ქვლივიძე ,,ქართული ოცნების'' წევრია 2012 წლიდან და ამჟამად საჯარო დაწესებულებაშიც მუშაობს. ჩვენ მას დავუკავშირდით, რომელმაც თავისი განცხადების ნამდვილობა დაადასტურა და მზადაა ჩვენება სამართალდამცავ უწყებებს მისცეს:

,,ჩემი განცხადება ნამდვილია და მირჩევნია ამ თემაზე სხვა ფორმატში ვისაუბრო, სამართალდამცველებთან'' - გვითხრა ია ქვლივიძემ.

,,პროპორციული სია, მაჟორიტატები, ტენდერები, სხვადასხვა პროექტებში ჩართული კომპანიები, 2012 წლის აქტივის ჩანაცვლება 2006 წლის ნაცებით და ა.შ. ეს არის მიზეზი, მათი უთანხმოების!'' - განმარტავს ია ქვლივიძე.

ინციდენტს კი ყოფილი და მოქმედი მერები უარყოფენ. ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი გვეუბნება, რომ მან ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო:

,,მე მაშინვე მივწერე ვახტანგ მაისურაძეს, რომ ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ძალიან სამწუხარო მოვლენა ხდებოდა.'' - გვითხრა მანუჩარ მერებაშვილმა. მისი თქმით, 2017 წელს, როდესაც კენჭს კასპის მერად იყრიდა კენჭს, ვახტანგ მაისურაძე ეხმარებოდა:

,,შესაბამისად, ჩემი მხრიდან რაიმე დაპირისპირება ბატონ ვახტანგთან არასერიოზულია'' - ამბობს მანუჩარ მერებაშვილი.

კასპის ამჟამინდელი მერი ვახტანგ მაისურაძე 3 დღის განმავლობაში საარჩევნო შტაბში არ ჩნდებოდა. ის პარტაქტივთან მხოლოდ ორშაბათს 6 სექტემბერს გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 3 სექტემბერს მოხდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები