ახალი ამბები
,,აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს“ – ექიმი და ექთანი კოვიდცენტრიდან (PHOTO)
უკვე ორი წელია, რაც გორმედის საავადმყოფო კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ექიმები და ექთნები პანდემიას 24 საათიან რეჟიმში ებრძვიან. მათთვის ყველაზე რთული საკუთარ ემოციებთან გამკლავებაა, როდესაც პაციენტის დაავადება მისი გამოჯანმრთელების საშუალებას არ იძლევა.

ექიმ მაია წიქარიძეს და ექთანს, თეონა კუდუხაშვილს კოვიდპაციენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. ზოგი პაციენტი მათი მშობლების ტოლია, ზოგი კი, - თანატოლი. ყველა მათგანის სუნთქვა ესმით, აკვირდებიან, მონაცემებს აკონტროლებენ.

თეონა, მაია ექიმთან შედარებით, უმცროსია. ის ჯერ 25 წლისაა და ექთნად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა უკვე 6 თვეა, რაც კოვიდგანყოფილებაში სიკვდილ სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.


ფოტოზე: ექთანი თეონა კუდუხაშვილი

„ ხშირად სუნთქვა უჭირთ, ამიტომ სულ შველას გვთხოვენ. როდესაც შველა ჭირდება, ადამიანს ძალიან განვიცდი. ზოგი ჩემი მშობლების ასაკისაა, ზოგი ჩემი ტოლია და ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია ამ ყველაფრის ყურება, თუმცა მეც და ექიმიც ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოდ მათი მდგომარეობიდან გამოსაყვანად“



დღეს მათ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები მაშინ დგება, როდესაც პაციენტების გაწერა ხდება. ასეთი წუთები, ზოგჯერ გადატანილ ტკივილსა და მძიმე ემოციებს ანეიტრალებს.

„ერთი შუახნის ქალბატონი ფილტვების დიდი დაზიანებით შემოვიდა. სულ დედი, დედის მეუბნებოდა. ძალიან თბილი ქალბატონია. სუნთქვა უფროდაუფრო უჭირდა და შველას მთხოვდა. ასეთი მომენტები ძალიან ემოციურად მოქმედებს ჩვენზე.



პაციენტის გამოჯანმრთელება ახალი ენერგიით ავსებთ, რასაც შემდეგ ახალი პაციენტისთვის ხარჯავენ. სტატისტიკა კი, ბოლო თვეების განმავლობაში, არც თუ სახარბიელო იყო.

35 წლის ექიმი, მაია წიქარიძე პროფესიით თერაპევტი-კარდიოლოგია. ამბობს, რომ პანდემიამ მეტნაკლებად პროფესიაც შეუცვალა და ახლა კოვდიგანყოფილებაში უწევს მუშაობა.


ფოტოზე: ექიმი მაია წიქარიძე

„ დასაწყისში უნდა გენახათ ჩემი ემოცია, როდესაც პირველად გავწერე კოვიდის მძიმე ფორმით პაციენტი, რომელიც თვე და ათი დღე ებრძოდა ვირუსს. მე და ჩემი კოლეგები ვუყურებდით, თავისი ფეხით როგორ ტოვებდა საავადმყოფოს. ეს იყო ყველაზე ემოციური ჩვენთვის. რთულია, როდესაც პაციენტი მძიმეა და შველას გთხოვს. მაქსიმალურად აკეთებ ყველაფერს. ხანდახან შესაძლებლობების ზღვარს სცდები, მაგრამ მაინც ვერ შველი. ეს არის ყველაზე რთული“

მაია ექიმი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც პანდემია დაიწყო და პირველი პაციენტები მიიყვანეს და კოვიდპაციენტების მართვის ნაკლები გამოცდილება არსებობდა:



„მაქსიმალურად ჩავერთე კოვიდის მართვაში. გვქონდა რთული პერიოდი განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ყველაზე რთული პიკის პერიოდები იყო, მაგრამ ბოლო მეოთხე ტალღას, ჩემი გადმოსახედიდან, ვერაფერი შეედრება. იმიტომ, რომ აქ იყო მძიმე კონტიგენტი, ლეტალობა იყო მაღალი, მუშაობა უფრო მეტად რთულ პაციენტებთან გვიხდებოდა, ვიდრე წინა პერიოდში.“

რაც პანდემია დაიწყო, ძირითადად, კლინიკაში უწევს მუშაობა. ოჯახისთვის და შვილებისთვის მიზერული დრო რჩება.



„ აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. დილით, მე და ჩემი კოლეგები კლინიკაში რომ მოვდივართ, მისალმების შემდეგ პირველი კითხვაა იმ დღის კოვიდსტატისტიკა. რამდენია ახალი ინფიცირებული და ყველაზე საინტერესო ჩვენთვის ვაქცინირებულთა რაოდენობაა. დიდი იმედით შევყურებთ აცრილთა რაოდენობას“

„ ჩვენთან სულ თითზე ჩამოსათვლელად იყო ვაქცინირებული პაციენტი, ვგულისხმობ ორჯერადად აცრილებს. ძალიან ადვილი იყო მათი დაავადების მართვა და საერთოდ არ გვქონია გართულებები.“

„თითოეული მოქალაქის მიდგომა, რომ თავისი ნებაა აიცრება თუ არ აიცრება, მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა არ არის. მის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები ასაკობრივი და ქრონიკული დაავადებებით, რისკჯგუფები. შეიძლება იმათი დაინფიცირების და შესაძლო სიკვდილის მიზეზი გახდეს. ვაქცინაციით კი შესაძლებელია ეს ყველაფერი შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ“


ფოტოზე: თეონა კუდუხაშვილი და მაია წიქარიძე

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც: 6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 500 პირი. 24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 572 948-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები