ახალი ამბები
,,სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ'' - ქარელში მომხდარი ინციდენტის დეტალები
ოპერატორს, ლევან აბლოთიას ქარელის საავადმყოფოს ექიმები კვლევებს უტარებენ.

ქარელის კლინიკის პრეს-სამსახურის ცნობით, დაშავებულ ოპერატორის ექოსკოპიისა და რენტენგის პასუხები ჯერ არაა ცნობილი.

,,როგორც ექიმები აცხადებენ, სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება. ამჟამად, უტარდება დამატებითი კვლევები'' - აცხადებს პრეს-სამსახური.

დღეს, საღამოს, ქარელში, ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან მთავარი არხის ოპერატორი ლევან აბლოთია გადმოაგდეს.

ის, ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად, ქარელის მერობის კანდიდატთან, ზაზა გულიაშვილთან შეხვედრას აპირებდა.

,,"გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ". - აცხადებს ბექა ყორშია.

ქარელში მიდიან ,,მთავარი არხის'' ხელმძღვანელი და სხვა ჟურნალისტები. ,,ქართული ოცნების'' ოფისში ამჟამად პოლიციელები მუშაობენ. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები