ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ,,ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და დაეცა''
ქარელში მომხდარ ინციდენტის შესახებ, ,,ქართული ოცნების'' მთავარ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ქარელის შტაბის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, განაცხადა:

,,ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, კითხულობდა ,,ჩლიქოსანს'' - ასე მოიხსენიებდა მერობის კანდიდატს. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან, იყო სიტყვიერი დაპირისპირება.  უკანა სვლით მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას. კიბის მოაჯირს წამოედო და დაეცა კიბის ზედა საფეხურზე. ეს არ იყო მაღალი სიმაღლიდან ვარდნა. არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.'' - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის თქმით, ოპერატორს ერთ-ერთი ზონის კოორდინატორი ეუბნებოდა, რომ ნუ უღებდა. ოპერატორი უკანა სვლით მიდიოდა და პატარა მოაჯირის წყალობით უკან გადავარდა.

თავად ჟურნალისტი ბექა ყორშია ამ ინციდენტს ასე აღწერს:

,,"გვინდოდა, ჩაგვეწერა. რამდენიმე კითხვა გვქონდა ზაზა გულიაშვილსა და მასთან დაკავშირებულ ბოლო ამბებზე - რომ ის არის სუს-ის აგენტი. განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როცა მე ამაზე კითხვა დავსვი. ამის შემდეგ მოხდა, რომ გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი, მაგრამ ჩემზე უხერხულიც კია ლაპარაკი. ოპერატორი ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გამოადგეს. არ ველოდი, რომ გადარჩებოდა საერთოდ. რამდენიმე წამით გაითიშა. აზრზე როცა მოვიდა, თქვა, ზურგს ვერ ვგრძნობ, ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ". - აცხადებს ბექა ყორშია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები