ახალი ამბები
ქარელში კენჭს იყრიან ის პირები, ვისაც ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებენ
ყარამან (კახა) როინაშვილი ქალაქ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ხოლო ილია ქელეხსაშვილი - პროპორციული სიის სათავეშია.

ეს კანდიდატები გუშინ, 2021 წლის 15 სექტემბერს, მთავარი არხის ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.

ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია გამოეძახებინათ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ოფისის შენობა დაატოვებინეს.

ამ ინციდენტის დროს მოაჯირიდან გადავარდა ოპერატორი, ხოლო ქარელის შს სამმართველომ, გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

კახა როინაშვილი და ილია ქელეხსაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. ორივე მათგანი მოქმედი საკრებულოს წევრები არიან.

ილია ქელეხსაშვილი 2014-2017 წლებში ქარელის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის თანაშემწედ მუშაობდა. მან, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაგვიდასტურა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდები ვერ ჩააბარა, ამიტომ, თანაშემწის გარდა, სხვა სამსახურში მისი დანიშვნა ვერ მოხერხდა.


2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ის საკრებულოს წევრი გახდა და ამჟამად ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარეა.

ქელეხსაშვილი ქარელის დღეს მოქმედი მერისთვის და, ამავე დროს, მერობის კანდიდატისთვის ყველაზე ერთგულ კადრად ითლება.

ილია ქელეხსაშვილის ბიოგრაფიიდან ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც 2014 წელს მოხდა. იგი ქარელის გამგებლის პირველ მოადგლეს, ემიკო ფეიქრიშვილს დაუპირისპირდა. საკუთარ მანქანაში, როგორც ემიკო ფეიქრიშვილი მაშინ აცხადებდა, ილია ქელეხსაშვილმა მას სახეში გაარტყა.

,,გამგებლის მისამართით შევაგინე, ამის სანაცვლოდ, ილია ქელეხსაშვილმა სახეში გამართა. მე აღარ მახსოვს, რა მოვიმოქმედე, თურმე მისთვის ყური დამიზიანებია'' - ამბობდა 2014 წელს ემიკო ფეიქრიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები