ახალი ამბები
,,სისხლიანი'' ბილბორდის მესაკუთრეს არ მოსწონს ბანერის შინაარსი
კომპანია ალმა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, ბილბორდზე არსებული გამოსახულება და მისი შინაარსი მათთვის მიუღებელია.

კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ბანერების ვიზუალზე. ალმაში აცხადებენ, რო მათი ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ალმამ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე. ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, გორში გამოჩნდა ბანერი წარწერით: ,,არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს'', რომელიც მიმართულია ,,ნაციონალური მოძრაობისა და ექსპრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში რამდენიმე პოტენციურად პრობლემური საკითხი იკვეთება.

ISFED-მა ცესკოს საჩივრით მიმართა ამ ბანერებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები