ახალი ამბები
მოქალაქე ამბობს, რომ წმინდაწყლის მაჟორიტარმა კანდიდატმა რუისში მერობის კანდიდატის პლაკატები ჩამოხია
რუისში, ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელს, ანო ბალიაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ ფოტოები გადაუღო და ამბობს, რომ  ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის პლაკატებს აზიანებს.

მისი თქმით, ზაზა გულიაშვილის პლაკატები არა თუ ხალხმა, არამედ ერთმა ადამიანმა ჩამოხია.

,,თქვენ რომ გამოაქვეყნეთ, თითქოს ხალხმა ჩამოხია გულიაშვილის პლაკატებიო, სინამდვილეში ერთმა ადამიანმა ჩამოხია'' - გვწერს მოქალაქე.

ანო ბალიაშვილის თქმით, რუისში ზაზა გულიაშვილის პლაკატები სხვადასხვა ადგილზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჩამოხიეს პროტესტის ნიშნად, რადგან წინა დღეს, ქარელში, ქართული ოცნების ოფისში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ,,მთავარი არხის'' ჟურნალისტებს მიაყენეს.

,,შესაბამისად, ხალხმა გამოხატა პროტესტი ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო'' - აცხადებდა იმ დღით ანო ბალიაშვილი.

ანო ბალიაშვილი რუისში ცხოვრობს და გორში კენჭს იყრის. იგი წმინდაწყლის დასახლებაში, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე, მაჟორიტარი კანდიდატია. რაც შეეხება აღნიშნულ ფოტოებს, ამ ეტაპზე ანო ბალიაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

ქარელელი მოქალაქე ასევე გვწერს, რომ ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის პლაკატებს გახარიას გუნდის წარმომადგენლებიც აზიანებენ. ამის საილუსტრაციოდ, კიდევ ერთი ფოტო მოგვაწოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები