ახალი ამბები
ერგნეთში 102-ე შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა თითქმის 8 საათს გაგრძელდა. მხარეებმა გამყოფ ხაზთან, ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინცინდენტები განიხილეს. მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე.

ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 2 მოქალაქე რჩება, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი, რომელიც ოკუპანტებმა 14 აგვისტოს დააკავეს და ეწ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ის წარმოშობით კასპის მუნიციპალიტეტიდანაა,თუმცა მისი ოჯახი ამჟამად ოკუპირებულ ახალგორში ცხოვრობს. ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას ქართული მხარე ასევე ოქტომბერში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებებზეც მოითხოვს.

ქართულმა მხარემ ასევე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააპროტესტა, უსაფრთხოების გარდა მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებით რთულია ჰუმანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ოკუპირებულ ახალგორში, ჩაკეტვის გამო მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება უკვე 2წელია არ აქვთ. ეწ გამშვები პუნქტების გახსნის საკითხზე მუშაობას ქართული მხარე ყველა ფორმატში გააგრძელებს.

მომდევნო შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება, თარიღზე მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან.

,,დღეს განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. განვიხილეთ თარიღების მიხედვით თითოეული მაგალითი. გელი გოჭოშვილს ედავებიან ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას. საუბარი იყო რაღაც კრიმინალურ აქტივობაზე, თუმცა დადასტურებულად მივიღეთ ინფორმაცია , რომ მხოლოდ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

რაც შეეხება გენადი ბესტაევის, ე. წ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტ ხანს. ეს სცდება ყოველგვარ ლოგიკას, მოვითხოვეთ მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. ბესტაევთან დაკავშირებით ცხინვალელ მონაწილეებს პოზიცია არ შეუცვლიათ. ბრძოლა მისი დაბრუნებისთვის გაგრძელდება. ორივე დაკავებულის უპირობო გათავისუფლებაზე საიბარი გაგრძელდება ჟენევის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაზეც. როდესაც ვსაუბრობთ უკანონოდ დაკავებულებზე, ვსაუბრობთ ასევე აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუაზეც. მისი საკითხი განიხილება ძალიან მაღალ რეგისტრში და ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე ეს საკითხი არის გაჟღერებული. რამდენიმე დღის წინ შედგა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტი სოხუმში და ეს საკითხი იქაც გაჟღერდა. გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ ყველა ადამიანი დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

ჰუმანიტარული სპექტრი იყო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი სპექტრი. სამედიცინო მომსახურების კუთხით არსებობს გარკვეული კოოპერაცია ჩვენს შორის და მეტ ნაკლებად სამედიცინო ევაკუაციები ოკუპირებული ტერიტორიიდან ხორციელდება. რაც შეეხება ე.წ გადასასვლელების სრულფასოვან ამოქმედებას , ესაა ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მათი ჩაკეტვა და იზოლაციაში მოქცევა. ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება"- განაცხადა სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები