ახალი ამბები
,,წყალსაწრეტები ეზოებისკენ შეატრიალეთ'' - რჩევა ქვახვრელელებს გორის მერიისგან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოსახლეობას ურჩიეს, რომ სახურავებიდან ჩამომდინარე წყლის საწრეტები (მილები) ეზოებისკენ შეატრიალონ. საუბარია ახალი სკვერის მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებზე.

ამის შესახებ მათ გორის მერიის წარმომადგენლებმა ურჩიეს. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, სოფელში მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს ტერიტორია და აღნიშნეს კიდეც, რომ აუცილებელია გზის მოასფალტება.

თუმცა, ვიდრე გზაზე ასფალტის საფარი დაიგება, მანამდე წყალსაწრეტები სკვერის გარშემო მცხოვრებ ადამიანებს საკუთარ ეზოებისკენ შეტრიალება ურჩიეს.

,,ჩამოვიდნენ გორიდან, დაათვალიერეს, გვითხრეს, რომ ასფალტს დააგებენ გზაზე. სხვა გამოსავალი არაა. წყალს გასასვლელი არა აქვს და უკვე მეორე წვიმაა, რაც წყალი სახლებში გვივარდება. მანამდე, გვირჩიეს, რომ მეზობლებმა ,,ჟოლოპები'' (წყალსაწრეტები) სახლებში შეატრიალონ. ჩვენ ამას ვერავის დავავალდებულებთ, თან ეს გამოსავალი არაა. ეს ჟოლოპები იმდენ პრობლემას არ ქმნის, რაც წვიმა'' - ამბობენ დაზარალებულები.

შეგახსენებთ, წვიმების დროს, პოღოზაშვილებისა და ბაბუციძეების სახლებში ნიაღვრები შევიდა. მას შემდეგ, რაც ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე ახალი სკვერი გაკეთდა და ბორდიურები მოაწყეს, წყლის ნაკადი საცხოვრებელ სახლებისკენ მიემართება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები