ახალი ამბები
ხურვალეთის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს ალკოტესტს უტარებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში კომისიის წევრებს (მამაკაცებს) ალკოტესტი ჩაუტარეს.

პოლიცია ენმ-ს წარმომადგენელმა გამოიძახა, რომლის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

ენმ-ს დამკვირვებელს ეჭვი გაუჭნდათ, რომ კომისიის წევრები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ, რადგან საარჩევნო უბანზე ღვინით სოფლის წარმომადგენელი (ამჟამად შვებულებაში მყოფი - ნიკოლოზ ადიკაშვილი) მივიდა.

ენმ-ს წარმომადგენლის, გიორგი მახნიაშვილის თქმით, ადიკაშვილი კომისიის წევრებს ღვინის დალევას სთავაზობდა.ამიტომაც, გაუჩნდათ ეჭვი, რომ შენობის ერთ-ერთ კუთხეში კომისიის წევრებმა ალკოჰოლური სასმელი მიიღეს.

ალკოტესტის შესამოწმებლად, უბანზე, ხურვალეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ, ხოლო ენმ-ს წევრის ცნობით, პოლიცია 1 საათის განმავლობაში აჭიანურებდა შემოწმების პროცედურის დაწყებას.

კომისიის წევრები ხურვალეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, ამავე კომისიის წევრების ცნობით, შეამოწმეს და ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდათ.

ვიდრე პოლიციას გამოიძახებდნენ, უბანზე საიას დამკვირვებელი მივიდა, რომელმაც გააპროტესტა ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტი, თუმცა კომისიის წევრებმა ყვირილი დაუწყეს. საიას დამკვირვებელი გვანცა იჩქითი ამბობს, რომ ის იძულებული იყო კომისიის წევრებისგან ხარვეზის აღმოფხვრა მოეთხოვა.

ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ მან დატოვა უბანი, ხოლო შემდეგ პოლიციაც მივიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები