ახალი ამბები
ერგნეთის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

,,უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით. ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები