ახალი ამბები
ცხინვალის საპატიმროდან საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს
ყველა მამაკაცი, რომელიც ორი დღის წინ, სოფელ ერგნეთის სიახლოვეს დააკავეს, გათავისუფლებულია. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 6 სექტემბერს საღამოს დარჩენილი ორი მოქალაქეც გაათავისუფლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

4 სექტემბერს, საღამოს საათებში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოთხი მამაკაცი ოკუპირებულ ტერიტორიისკენ წავიდნენ. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მშობლიურ, ამჟამად ოკუპირებული სოფლების მიმართულებით წავიდნენ.

მათ მდინარე ლიახვის სანაპიროზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოედევნენ, ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა, მეორე კი, როგორც ოსური მედია იტყობინება, სიმაღლიდან გადავარდა და დააკავეს. დანარჩენი ორიც დააპატიმრეს. 4 მამაკაციდან დაკავებული იყო 3 პირი.

დაშავებული ერთი მამაკაცი მეორე დილით, 5 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. ორი მათგანი კი 6 სექტემბერს გაათავისუფლეს.

მამაკაცები, რომლებსაც მშობლიური სოფლების ნახვა სურდათ, არიან: დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ძარწემიდან დევნილი გოგა მეტრეველი, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ხეითიდან დევნილი, 33 წლის რომან გოჩაშვილი, ამავე ხეობის სოფელ ხეითიდან დევნილი 29 წლის სემა ფეხშველაშვილი და პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ქსუისიდან დევნილი - გიორგი ჯავახიშვილი

რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ექიმების თქმით, რამოდენიმე მოტეხილობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ტრამვატოლოგმა შალვა გოდერძიშვილმა აღნიშნა, მიმღებ განყოფილებაში შეყვანისას პაციენტს უკვე გაწეული ჰქონდა პირველადი დახმარება.

"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათალიერებით, მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა, შესაძლებელია იყოს საჯდომისა და ბოქვენის ძვლის მოტეხილობა. თვითონ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს კვლევები და მოვიანებით უფრო უკეთ შეგვეძლება გითხრათ, მისი მდგომარეობის შესახებ. კონტქტურია და ადექვატურია. ამ ტიპის დაზიანება შეიძლება ნებისმიერ რამეს გამოეწვია დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. ანამნეზით მას ცემის ფაქტი არ აღუნიშნავს. ანამნეზს და დანარჩენ კვლევებს მოგვიანებით მოგაზსენებთ. პაციენტს შემოყვანისას სხივის ძვალი ქონდა მობილიზებული ნახვევით", - გვითხრა 5 სექტემბერს, შალვა გოდერძიშვილმა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტრამვატოლოგ-ორთოპედია.

პაციენტის მეუღლეც აღნიშნავს, რომ დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ:

" როგორც ვიცი, გამოეკიდნენ, ესენი გაიქცნენ, საღამოს პირი იყო, ჩემი მეუღლე მდინარეში გადავარდა და გაითიშა, ლიახვმა წამოიღო. გონს რომ მოვიდა, უკვე აქეთ იყო. ერთერთიც გათიშულა იქ. რატომ გადავიდნენ, არ ვიცი. ნასვამები იყვნენ, ჩვენ იქიდან ვართ და ალბათ მოუნდათ ასვლა სოფელში. ნასვამები რომ იყვნენ, ვერ მოზომეს, რომ არ გაუშვებდნენ იქამდე. დანარჩენი ბიჭები კარგად."- ამბობს დაშავებული მამაკაცის მეუღლე.

თამარ გოგიძემ, რომლის შვილის დაკავება მოახერხეს, შვილის შესახებ ამბავი მაღაზიაში გაიგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები