ახალი ამბები
ახალგორელები ძველი და ახალი გზების ძიებაში
ცხინვალსა და რუსეთს შორის,,ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. რუსული პასპორტის მსურველები, რუსეთის მოქალაქეობას უახლოეს დროში მიიღებენ. როგორც ჩვენი ახალგორელი რესპონდენტი ამბობს, იგი ამას პირველ რიგში აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე შესვლა და ახლობლების ნახვა შეძლოს, ოღონდ რუსეთ-საქართველოს ოფიციალური საზღვრის გავლით.

მისი ინფორმაციით, სოციალური ქსელში არსებობს ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია ახალგორში მცხოვრები 300-ზე მეტი ადამიანი, ვისაც რუსული მოქალაქეობა უნდა.

,,მათ შორის, მეც ვარ პირადად. ასევე ვოთსაპშიც გვაქვს ჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვაგებინებთ ხოლმე სიახლეებს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ პროცესს აქვს თავისი პლუსები. ხალხს, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა მოტივები აქვს რუსული მოქალაქეობის მისაღებად. რუსული მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში აქაურებს შეეძლებათ ისარგებლონ იმ შეღავათებით და ფულად დახმარებებით, რომლებითაც სარგებლობენ თვითონ რუსეთის მოქალაქეები.“

,,ასევე, რუსეთის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, შეიძლება რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტის ადვილად აღება, რის მეშვეობითაც ადამიანს შეეძლება საქართველოშიც გამგზავრება ვლადიკავკაზიდან. ვფიქრობ, ამ მოტივითაც არც ისე ცოტა ვინმეს უნდა რუსული პასპორტის აღება.“

,,პირადად მეც ამ მოტივით მინდა რუსული პასპორტის აღება, რომ მერე რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტიც ავიღო და შემეძლოს საქართველოში მოგზაურობა, ნათესავების ნახვა.“ - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

გზა ახალგორიდან თბილისისკენ უკვე ორ წელზე მეტია დაკეტილია. არავინ იცის, როდის გაიხსნება ახალგორელებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, წნელისთან განთავსებული ქართული საგუშაგო პოსტის საპასუხოდ, ჩაკეტილია ოძისის საგუშაგო, თბილისთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი. ამას დაემატა პანდემია და ბიბილოვის მთავრობის მოსაზრებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის გავრცელების რისკი ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიიდან არსებობდა. ამიტომ, ახალგორის გზის გახსნის საკითხი ყოველწლიურად პრობლემურია.



ფოტოზე: მარატ კულახმეტოვი და დიმიტრი მედოევი, ,,ხელშეკრულება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“ ხელმოწერის ცერემონია, ცხინვალი.

ამ ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის მოსახლეობა, რომლის დიდ ნაწილსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მთლიანად მოწყვეტილია სახელმწიფო და სამედიცინო სერვისებს, რაიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე დადგა.

ახალგორის მცხოვრები, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა, ჩვენთან მოცემულ ვრცელ ინტერვიუში, აფასებს რაიონში მიმდინარე მოვლენებსა და ორწლიანი ჩაკეტილობის შედეგებს:

,,დღევანდელი დღისთვის ახალგორის/ლენინგორის რაიონში სოციალური სიტუაცია მეტად სტაბილურია, ვიდრე მაგალითად შარშან. ჯერ ერთი, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალგორელები შესაძლოა, შეეჩვივნენ კიდევაც დაკეტილ გზას და საქართველოში გასვლის სხვა ხერხებს ეძებენ. მეორეც, ახალგორის/ლენინგორის რაიონში ბოლო დროს ბევრმა შეძლო სამხრეთ ოსეთის პასპორტის აღება და აქედან გამომდინარე საპენსიო ასაკის ხალხი ამჟამად იღებს პენსიას დაახლოებით 320 ლარს. ქართულ პენსიის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს 250 ლარს, გამოდის რომ მთლიანად საპენსიო ასაკის ადამიანს ჩვენს რაიონში აქვს შემოსავალი 570 ლარი. რა თქმა უნდა, ქართული პენსიის აღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში გასვლის შემთხვევაში, რაც ამჟამად გაძნელებულია.“ - გვიყვება ის.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს 2020 წლის თებერვალს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ქართულ მხარესთან ერთად აუცილებლად განიხილავდა ქართული ბანკომატის გახსნის საკითხს გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ამ ბანკომატის მეშვეობით ახალგორელები უფრო ადვილად აიღებდნენ სოციალურ დახმარებებს ფულადი სახით.

მაგრამ ამ მიმართულებით არანაირი სიახლე არ ჩანს, ახალგორელებმაც არ იციან, რა მიზეზით ან ვის გამო.

მიმდინარე, 2021 წლის თებერვლიდან მოქმედებს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ საქართველოში მკურნალობა, თბილისში სამკურნალოდ წასვლის უფლება ეძლევათ. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, ასეთ შემთხვევებშიც პრობლემები იჩენს თავს. კერძოდ, უნდა გქონდეს კარგი ურთიერთკავშირები საავადმყოფოს თანამშრომლებთან ან რაიონულ ადმინისტრაციასთან, რომ მოხვდე იმ სიაში, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება და გასვლა უნდა. ასევე არის რაოდენობრივი ლიმიტი გაშვების ან შემოშვების დროს. ორ კვირაში 15-20 ადამიანზე მეტს არ უშვებენ, რაც ნეგატიურად მოქმედებს ადგილობრივ მცხოვრებლებზე.

,,პაციენტებს, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებათ მკურნალობა, ხშირად უწევთ რიგებში ლოდინი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ მცხოვრებს ადმინისტრაციაში ან საავადმყოფოში ჰყავთ ნაცნობები ან ახლობლები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გასვლაში. სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონდეთ უარყოფითი პი-სი-არ ტესტი. მიუხედავად ამისა, მათ მაინც სვამენ ორკვირიან კარანტინზე საავადმყოფოში. ეს წესები მოქმედებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ჩვენი ხელისუფლება ასევე არ აღიარებს საქართველოში ვაქცინირებას.“ - ამბობს ახალგორელი მოქალაქე.



ფოტოზე: ცხინვალის პსრ ლაბორატორია

,,რაიონის მოსახლეობას პირველ რიგში სჭირდება გახსნილი გზა საქართველოსაკენ, ანუ თბილისის გზა სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს. გზა რომ ღია ყოფილიყო, აქამდე ბევრი ადამიანია შემოვიდოდა და უფრო ხალხმრავალი რაიონი გვექნებოდა, ასევე გაჩნდებოდა ახალი ცხოვრების იმედი.“


,,საქართველოში რთულ სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით, წეროვანის ბევრი მცხოვრებიც დაბრუნდებოდა ახალგორში/ლენინგორში, რომ აქ იმუშაოს კარგ ხელფასზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2023 წელს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან რაიონის გასავითარებლად გამოყოფილი იქნება გარკვეული თანხა.“

,,ამ თანხის მეშვეობით ხელისუფლების წარმომადგენლები გეგმავენ რამდენიმე საწარმო კომპანიის გაკეთებას. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ხალხი დასაქმდება, უმუშევრობა კი ნაკლები იქნება რაიონში, ცხოვრების დონეც ბევრად მაღალი იქნება.“ - ამბობს იგი.

რა ვითარებაა კორონავირუსის მხრივ ახალგორის რაიონში და ზოგადად სამხრეთ ოსეთში

,,დღევანდელ დღისთვის რაიონში შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან. მაგრამ პერიოდულად არის ხოლმე შემთხვევები, მაგალითად ვინც ცხინვალიდან ჩამოდის, მაგათ ჩამოაქვთ ვირუსი.“ ,,ასევე დაავადების დიდი რისკის ქვეშ არიან ის ახალგორელები, ვინც ჩუმად ტყეებზე და მთებზე გადადიან და გადმოდიან საზღვრებზე. ისინი არც კარანტინზე ჯდებიან, არც პსრ ტესტს აკეთებენ, და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დაავადების რისკი არსებობს.“ ,,დაახლოებით ნახევარი თვის წინ თვით საქართველოშიც ძალიან იყო გავრცელებული კორონავირუსი. ჩვენი რაიონის ხალხი, რა თქმა უნდა, აღელვებული იყო ამითაც, იმიტომ რომ მოსახლეობის უმეტესობას საქართველოში ჰყავს ნათესავები და ახლობლები. მაგრამ საბედნიეროდ საქართველოშიც უკეთაა ამჟამად სიტუაცია.“

ჩვენი რესპონდენტის თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ახალგორში რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. ინფექციას შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

,,ბოლო დროს ჩანს, რომ სამხრეთ ოსეთში გავრცელებულია ინდური შტამი, რომელიც უფრო აგრესიულია. სამწუხაროდ, ნელ-ნელა მატულობს ამ შტამით დაავადების შემთხვევები.”

30 სექტემბრის მონაცემებით, ცხინვალის სამედიცინო ცენტრის საინფექციო კორპუსში მკურნალობას გადის კორონავირუსით დაავადებული 76 პაციენტი.

ასევე 30 სექტემბერს დღეისთვის დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 54 შემთხვევა.



,,ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვაქცინაციის ტემპი სამწუხაროდ ჯერჯერობით არც ისე მაღალია როგორც რაიონში, ისევე მთლიანად სამხრეთ ოსეთში.“ რაიონში ეს დაკავშირებულია ალბათ იმასთან, რომ ზოგიერთები საქართველოში წასვლის დროს გადიან ვაქცინირებას და შესაბამისად აქ არ ხედავენ განმეორებით ვაქცინირების აზრს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე ვაქცინირებას.“ „აი, დანარჩენ ოსეთში კი შესაძლოა მოსახლეობა იმიტომ არ გადის ვაქცინირებას, რომ მათ არა აქვთ QR-კოდი, რომელსაც ითხოვენ ხოლმე ბევრ განყოფილებაში რუსეთის ტერიტორიაზე. ამის გამო ზოგიერთებიც ვლადიკავკაზში მიდიან ვაქცინირებაზე.“ ,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხიც ასევე განიხილება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებათა შორის, და შესაძლოა მალევე გადაწყდება ეს პრობლემაც.“ ,,ასევე უნდა ითქვას, რომ დღევანდელ დღისთვის ზოგიერთები ისევ პესიმისტურად და ეჭვის თვალით უყურებენ ვაქცინას, ისევე როგორც თვით კორონავირუსის დაავადებას, და ესეც რა თქმა უნდა უშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს.“

როგორ აფასებს მოსახლეობა რუსეთსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და რას ფიქრობენ არჩევნების შესახებ

,,გავიმეორებ, რომ როგორც უნდა იყოს, რაიონის მოსახლეობის უმეტესობას ახლო კავშირები აქვს საქართველოსთან. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში, რომელიც ასევე მოქმედებს ახალგორელებზეც რა თქმა უნდა."

,,რასაც ჩვენ ვხედავთ, ამჟამად საქართველოში პოლიტიკური ვითარება არასტაბილურია, რომელიც გაჩნდა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის, ისევე როგორც ახალგორელებისთვის მთავარია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური სიტუაცია".

,,ვფიქრობ, ახალგორის მოსახლეობა ცოტა შეშფოთებული არის იმით, რომ ოპოზიციაში მაღალ ადგილს იკავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ავტორიტეტი, სადაც მთავარი ლიდერი არის მიშა სააკაშვილი. ჩემი აზრით, ახალგორელებისთვის საქართველოში ცხოვრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მართვის პერიოდში უკავშირდება პირველ რიგში ომს. ამასთანავე, დღეს სიტყვის თავისუფლება, რომლისკენაც ასე მიისწრაფოდა ქვეყანა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის."

,,მთავარი ის არის, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმის შემთხვევაში სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არის სტაბილურობა. არც ერთი მხარე ძალოვან მეთოდებს არ მიმართავს ტერიტორიის გამო."

,,სხვა და სხვა პროგრამების ფარგლებში, ლტოლვილები სამხრეთ ოსეთიდან იღებენ ფულად დახმარებებს, სხვადასხვა შეღავათებს და უფასო სამედიცინო დახმარებას ასევე, რაც ბევრად აუმჯობესებს ახალგორელების ყოფაცხოვრებას."

,,ვფიქრობ, ახალგორელებს ქვევით გასვლის საშუალება რომ ჰქონოდათ, ისინი უმეტესად მუნიციპალურ არჩევნებზე აუცილებლად "ქართულ ოცნებას" დაუჭერდნენ მხარეს." - აცხადებს ახალგორელი მოქალაქე.

რა საფრთხეს ხედავენ საქართველოში ახალგორელთა რუსულ პასპორტიზაციაში?

საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ახალგორელთა ინტეგრაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის დანარჩენ მოსახლეობასთან.

კვლევაშიც აღნიშნულია, რომ ჩორჩანა-წნელისის კრიზისამდე, მიუხედავად რთული პირობებისა და გარიყულობისა, ახალგორის ქართული მოსახლეობა რაიონს მასობრივად არ ტოვებდა. ამასთანავე, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ დისკურსში ახალგორელთა მიმართ რაიმე სახის განსაკუთრებული აგრესია არ შეინიშნებოდა.

,,მეტიც, როგორც ადგილობრივ პროპაგანდისტულ, ასევე თავისუფალ მედიაში, დომინირებდა მოსაზრება, რომ საჭიროა ამ რეგიონის ეტაპობრივი ინტეგრაცია სამხრეთ ოსეთში. შეიძლება ითქვას, რომ ჩორჩანა-წნელისის კრიზისამდე, ე.წ. სახელმწიფო მედიაც კი გაგებით ეკიდებოდა, ახალგორელთა კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსთან. ახალგორელთა ლოიალობა თბილისის მიმართ იმით იხსნებოდა, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები იყვნენ და შესაბამისად, "საზღვრის" მეორე მხარეს ნათესაური კავშირები გააჩნდათ. მედია აღნიშნავდა, რომ ვინაიდან, რაიონში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლებელი იყო, მოსახლეობა იძულებული იყო საქართველოში გადასულიყო შესაბამისი დახმარების მისაღებად." - წერია კვლევაში.

თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი ჩინოვნიკი დასძენდა, რომ მას შემდეგ, რაც ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა და მოხდებოდა ადგილობრივთა სრული პასპორტიზაცია (სამხრეთ ოსური და რუსული პასპორტების დარიგება), სიტუაცია შეიცვლებოდა - ახალგორელებს მოუწევდათ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საბოლოო არჩევანის გაკეთება.

,,ამ ინტეგრაციული მიდგომის პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენდა ოკუპაციის შემდეგ ახალგორში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, 2014-2015 წლებში დასრულდა ცხინვალი-ახალგორის 73 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელზეც 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა (ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია). იმავე წლებში რაიონში აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა კულტურის სახლი, სკოლა-ინტერნატი, საავადმყოფო და ა.შ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალი ახალგორს ყურადღებას აქცევდა და სერიოზულად განიხილავდა ამ რაიონის "ცენტრთან" სოციალურ-ეკონომიკურ მიბმას." - აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, ახალგორელთა კონტაქტები დანარჩენ საქართველოსთან იმდენად მყარია, რომ ვერც ამ სოციალურ-ეკონომიკურმა პროექტებმა უბიძგა ხალხს ნათესავებისა და ოჯახის წევრების დაშორებაზე. უფრო მეტიც, როგორც ჩვენი რესპონდენტის მონათხრობიდან ჩანს, ახალგორელებისთვის რუსული პასპორტებში ისინი ხედავენ გზას დანარჩენ საქართველოში შესასვლელად და შემდგომ უკან დასაბრუნებლად.

საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებით, რუსული პასპორტების დარიგება იმ ანექსიის გაგრძელებაა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახორციელებს და ოკუპაციის გამყარებას ნიშნავს.


შენიშვნა რედაქციისგან: მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები