ახალი ამბები
ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ყველა ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვია.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მაშველები ნანგრევებში აღარავის ეძებენ.

ფაქტზე დაკავებულია პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ასევე, მის მიერ დაქირავებული ორი ადამიანი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები