ახალი ამბები
ადვოკატი: გორში სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გოგო მოიტაცა და ნიშნობა ჩაუშალა
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ცნობით, გორში სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გოგო მოიტაცა, ეს ამბავი გოგოს საქმროს თავად შეატყობინა და ნიშნობა ჩაუშალა.

ამჟამად, ყოფილი ძალოვანი, რომელიც 30 წლამდე ასაკიისაა, ძებნაშია და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, გამოძიება მიმდინარეობს

როგორც გოგოს ადვოკატი, ალექსი მერებაშვილი გვეუბნება, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მოასწრო.

,,როგორც კი გაიგო, რომ გოგო დაინიშნა, მოიტაცა. ამ გოგომ გზაში ეს ბიჭი დაარწმუნა, რომ თუკი შინ დააბრუნებდა, მოელაპარაკებინათ, როგორ გაგრძელებულიყო ურთიერთობა. გოგომ ასევე დაარწმუნა, რომ პოლიციაში არ უჩივლებდა. ამ გზით შეძლო თავის დაღწევა იმავე დღეს'' - ამბობს ალექსი მერებაშვილი.

მისი თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურას სთხოვენ, რომ გამოძიება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულის მუხლითაც დაიწყონ.

როგორც ირკვევა, სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ეხმარებოდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გორის მერიის სპორტის სააგენტოში მუშაობს. ისიც სპორტსმენი - მოჭიდავე. მოტაცებაში დამხმარე დაკავებულია.

,,ამ გოგოს გზაში ერთი-ორიც გაარტყეს, ყელში ხელები წაუჭირეს და ოჯახის წევრების მოკვლითაც დაემუქრნენ. მეორე დღეს ამ გოგოს საქმროსაც დაურეკეს - გუშინ შენი საცოლე ჩვენთან იყოო და ნიშნობაც ჩაუშალეს.'' - ამბობს ადვოკატი. როგორც ადვოკატი ამბობს, დამხმარე რამდენიმე წლის წინ დაკავებული იყო არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილ თანამშრომელს, როგორც ადვოკატს აქვს ინფორმაცია, ამ უწყებიდან ის 2 წლის წინ გაათავისუფლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები