ახალი ამბები
სამეფო ,,გამზირი'' გორში - სამეფო ქუჩის ნაცვლად
ასე გამოიყურება დღეს ისტორიული სამეფო ქუჩა, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ამ ეტაპზე, შესრულებულია სამუშაობის 63%.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხრციელდება.

ჯერ კიდევ 2020 წლის 24 ოქტომბერს ვწერდით, რომ სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, ტექნიკაც გაიყვანეს. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულიდან განახლდა.

ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 2 მლნ 053 186 ლარი, თუმცა იბოლიამ და მასთან ერთად მყოფმა ორმა კომპანიამ ("შპს "იბოლია" & შპს "ჯორჯიან სტოუნი" & შპს "ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი") 61 186 ლარით ნაკლები, 1 მლნ 992 000 ლარი შესთავაზა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამეფო ქუჩაზე ორფენიანი (7სმ+5 სმ, ჯამში 13 სმ) ასფალტბეტონი დაიგო 660 მეტრზე.

აღნიშნული გზის მოწესრიგების შესახებ პირობა ჯერ კიდევ 2018 წელს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დადო. იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა და მისი თქმით, თუ კი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა, სამეფო ქუჩა გაკეთდებოდა.



ისტორიული ცნობები სამეფო ქუჩის შესახებ:

1905 წლის 27 თებერვალს ყოფილ სამეფო ქუჩაზე მოეწყო მშრომელთა დემონსტრაცია. დემონტსრაციის ორგანიზატორები დააპატიმრეს.

ამავე ქუჩაზე 2-3 მარტს მოხდა მოსწავლეების, სკოლისგარეშე ახალგაზრდობისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის გამოსვლები. პოლიციამ მრავალი მონაწილე დააპატიმრა. ამ მღელვარებას მოჰყვა გორის ნოქრების გაფიცვაც. ნოქრებს ვაჭრებმაც დაუჭირეს მხარი და შეწყვიტეს მუშაობა.

1905 წლის 23 ოქტომბერს, კვირა დღეს, ყოფილ სამეფო ქუჩაზე ქალაქის მოსახლეობამ გამართა მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იყო სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. მონაწილეობდა 1500-მდე კაცი. შეკრებაზე წარმოთქვეს სიტყვები. მთავრობამ სცადა იარაღით დაეშალა მანიფესტაცია, მაგრამ ვერ შეძლო. პოლიციამ დააპატიმრა ეჭვმიტანილი 2 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები