ახალი ამბები
ნაადრევი მეხუთე ტალღა და ეპიდვითარება შიდა ქართლში
საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღის ფაზაშია. ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლმა, ამირან გამყრელიძემ 17 ოქტომბერს გააკეთა. ერთი თვის წინ, 24 სექტემბერს, იგი ვარაუდობდა, რომ მეხუთე ტალღა ნოემბრის ბოლოსთვის იყო მოსალოდნელი. თუმცა, ვარაუდი არ გამართლდა და ქვეყანა უკვე მეხუთე ტალღას ებრძვის.

„ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მეხუთე ტალღის დაწყება პირველ რიგში გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესასვლელს შეეტყო. თუ სექტემბრის განმავლობაში, აქ თითო-ოროლა მოქალაქე იცდიდა, დღეს უკვე ხალხის ნაკადია.

საზოაგდოებრივ ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდსიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ მეხუთე ტალღის დასაწყისში, ვაქცინაციის პროცესი შენელებულია. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის თქმით, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეების ნაკადის გაზრდის გამო, ტესტის ჩამტარებელთა ბრიგადა დაემატა:

,,თუ კი, ცოტა ხნის წინ, მხოლოდ ერთი ბრიგადა მუშაობდა, ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი ბრიგადა და ნაკადი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. იყო შემთხვევა, განსაკუთრებით, ორშაბათ დღეს, როდესაც გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგან ამ დღით ტესტის მსურველთა რაოდენობა ისედაც მაღალია ხოლმე“ - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

მეხუთე ტალღის ოფიციალურ გამოცხადებიდან ორ დღეში, 19 ოქტომბერს, შიდა ქართლის 4 დიდ სოფელში ვაქცინაციის სივრცეები გაიხსნა. როგორც ეპიდემიოლოგებმა შეამჩნიეს, სწორედ, ამ სოფლებში შეინიშნებოდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი.

ეს სოფლებია: კავთისხევი, ხიდისთავი, კარალეთი და ხელთუბანი. ამათგან, კავთისხევი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს სოფელი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული და თანაც მრავალრიცხოვანი სოფელია. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა მუშაობას როგორც დედაქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის ცენტრში.

რაც შეეხება გორის სოფლებს, აქ ეპიდსიტუაციის გაუარესება სასწავლო პროცესსაც შეეტყო. სოფლის ორი სკოლიდან. ერთ-ერთი სკოლა მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა ცალკეული კლასების გადაყვანას დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდათ სხვადასხვა კლასებში:

შიდა ქართლში კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20 ოქტომბერს დადასტტურდა. ერთი დღის მონაცემით, აქ ახალი შემთხვევების რაოდენობამ 442-ს მიაღწია. ვითარება რომ საგანგაშოა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ვაქცინაციის სივრცეების გასახსნელად თვით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ამირან გამყრელიძე ჩავიდნენ:

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კავთისხევსა და კარალეთში, მიუხედავად ეპიდსიტუაციის გართულებისა, მანამდე ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ მაღალი ტემპით მიდიოდა:

"პირველ ორ სოფელში იყო ძალიან მაღალი აქტივობა და მოსახლეობის მეტი წილი ისედაც აცრილი იყო. რაც შეეხება ხიდისთავსა და ხელთუბანს, ამ ორ სოფელში, არის შედარებით ნაკლები აქტივობა, შეინიშნება ამ სოფლებში ეპიდვითარების გაუარესებაც. გაიცა კონკრეტული დავალებები ვაქცინაციის მიმართულებით გააქტიურების მიზნით, თვითონ ოჯახის ექიმები მივლენ ადგილზე, მათთან ვისაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, გაააქტიურებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ იციან თავიანთი მოქალაქეების საჭიროებები და აქვთ ინფორმაცია იმათ შესახებ, ვისაც გადაააგილება უჭირს, შესაბამისად მნიშვნელოვანი არის ყველა ამ რგოლის ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, ასევე გავაგრძელებთ მონიტორინგს, იმ სოფლებში, რომლებიც ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვებიან. იმედი მაქვს ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო, დათქმულ ვადაზე, შეძლებს ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად მოვხსნათ შეზღუდვები და მივცეთ ჩვენს პატარებს იმის საშუალება, რომ შეუფერხებლად მიიღონ განათლება ადგილზე, სკოლაში,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია, სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლიათ, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

შიდა ქართლში ყოფნისას ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კვლავ გააქტიურებულია დელტა შტამი:

"დელტა შტამი გააქტიურებულია. გაუარესებული ეპიდვითარების შემაკავებელი ყველაზე ძლიერი იარაღი არის ვაქცინაცია. სწორედ ეს არის აღნიშნული მარათონის მიზანი. მე მადლობა გადავუხადე იმ მილიონ ადამიანს ვინც დღეს აცრილია და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ამდენი ადამიანი ავიცრათ, რომ ახალი წელი გვქონდეს შედარებით მშვიდობიანი" , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის მარათონში, პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით სულ 49 სოფელია ჩართული.

ეპიდსიტუაცია განსაკუთრებით აისახა სასწავლო პროცესზე. შიდა ქართლში ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობის დღეს, 19 ოქტომბერს დისტანციურ სწავლებაზე 50 კლასი იყო გადასული.

ჯამში, კორონავირუსი 24 სკოლაში იყო დადასტურებული, დაინფიცირდა 60-ზე მეტი მოსწავლე და 16 პედაგოგი.

გორის მუნიციპალიტეტში ორი სკოლა – კარალეთისა და გორის 1-ელი საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შეჩერდაა. შინდისის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე საკუთარი ინიციატივით გადავიდა. სტატია მზადდებოდა, როდესაც ქიწნისის საჯარო სკოლიდან გვაცნობეს, რომ კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა და მსჯელობდნენ სასწავლო პროცესის გაგრძელების შემდგომ გზებზე.

გართულებულ ეპიდვითარებას ისიც ამძიმებს, რომ სკოლებში გათბობა არაა ჩართული. სკოლებისთვის მიცემულია რეკომენდაცია, რომ გათბობა 15 ნოემბრიდან ჩაირთოს, რადგან სკოლების ბიუჯეტი ასეა გადანაწილებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები