ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში გათბობას 25 ოქტომბრიდან ჩართავენ
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე გორის სკოლებში გათბობა ორშაბათიდან, 25 ოქტომბრიდან ჩაირთვება. ამის შესახებ ინფორმაცია კარალეთისა და ტყვიავის სკოლებში დაგვიდასტურეს.

მათი თქმით, დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისტემა მწყობრში მოიყვანეს, გატესტეს და ორშაბათისთვის გაამზადეს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დააგვიანეს ჩართვა, იმ დროს, როდესაც უკვე დაბალი ტემპერატურაა, ტყვიავის სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ მათ შენობაში ჯერ ამის საჭიროება არ იყო. ,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე შენობაში, რომ ბავშვებს ფანჯრებიც კი ღია ჰქონდათ'' - გვითხრა ტყვიავის სკოლის დირექტორმა.

qartli.ge-ს კი სოფელ ქიწნისიდან აცნობეს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გათბობის ჩართვას 15 ნოემბრიდან აპირებდა. 

,,ძალიან ცუდი სიტუაციაა სკოლაში. დღეს უკვე ერთ პედაგოგზე თქვეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ელოდებიან კიდევ ერთ ახალ შემთხვევას. ბავშვები კი სიცივეში დაგვყავს. იქნებ იფიქრონ, რომ დროულად ჩართონ გათბობა.'' - გვითხრეს ქიწნისში.

ჩვენ ვცადეთ სკოლის დირექტორთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შემდეგ სმს შეტყობინებაზე გვიპასუხა, რომ სკოლა უკვე გადავიდა სწავლების დისტანციურ ფორმაზე.

,,ჩვენს სკოლაში ცენტრალური გათბობა არ გვაქვს, შეშა ისედაც მომარაგებული გვაქვს. ამჟამად, სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული'' - შეგვატყობინა ქიწნისის სკოლის დირექტორმა.

ჩვენს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნანა ტერმაკოზაშვილს დავუკავშირდით. იგი გვარწმუნებს, რომ სკოლებში ინდივიდუალურად წყდება გათბობის ჩართვის საკითხი:

,,გათბობის ჩართვას სკოლა წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე. ზოგს უკვე ჩართული აქვს. ზოგი ორშაბათს აპირებს. ერთი კონკრეტული თარიღი არ გვაქვს დადგენილი.' - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები