ახალი ამბები
ქვენატკოცის სკოლის ხიდი – ბურჯების გარეშე


დაახლოებით ნახევარი საუკუნისაა ის დეკორატიული ხიდი, რომელიც სოფელ ქვენატკოცაშია აშენებული და სკოლას უკავშირდება. ამ ხიდზე ყოველ დილით მოსწავლეები დადიან. ასევე, ამ ხიდით სარგებლობენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც.

,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა. საშიშია მაშინ, როცა სკოლიდან ერთად ბრუნდებიან. ამ სკოლაში დადიან აგარიდანაც. ასევე, ორი უბნის მოსახლეობა ამ ხიდით უკავშირდება ერთმანეთს. თუ ჩაინგრა, მერე ახლის გაკეთება უფრო ძნელია. თუმცა, ესეც რამდენად გაკეთდება, არ ვიცი, მაგდენი’’ - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, ვალერი გივიაშვილი.



ხიდმა დეფორმაცია ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო. დღეს უკვე მას ორი საყრდენი ბურჯი გამოცლილი აქვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდის დეფორმაცია მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გადაწყვიტეს:

,,გაკეთდა წყლის ცენტრალური მაგისტრალი. ცენტრალური მილი მდინარის ქვეშ ჩაყარეს, სხვანაირად ვერ დაუკავშირდებოდა ორი უბანი ერთმანეთს. მდინარის გადაკეტვაც კი დაჭირდათ იმისათვის, რომ ეს სამუშაოები შეესრულებინათ’ - ამბობს ქვენატკოცის სკოლის დირექტორი ლია თურმანიძე.

მდინარის კალაპოტის დაღრმავების გამო, ბურჯებმა ტრაექტორია შეიცვალეს, ხიდმა ჯერჯერობით რამდენიმე წყალდიდობას გაუძლო.



მდინარე სურამულა კი წელიწადის ნებისმიერ დროს დიდდება. განსაკუთრებით, წვიმიან ამინდებში. ადგილობრივებს ახსოვთ, რომ მდინარე თითქმის ყოველწლიურად კალაპოტიდან გადადიოდა და ქვენატკოცის ქვედა უბანში საცხოვრებელ სახლებს ტბორავდა.

სკოლის დირექტორი გვარწმუნებს, რომ ხიდი ამ ეტაპზე მოსწავლეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი შეკეთების მიზნით ქარელის მერს ესაუბრა.

,,მე მას ვესაუბრე და მისგან მივიცი, რომ ორი ტენდერი ჩაიშალა. ეხლა მესამე ტენდერია გამოცხადებული’’ - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მართლაც, ქარელის მერიამ მას შემდეგ, რაც ჩვენ სკოლაში ვიმყოფებოდით და ხიდის პრობლემით დავინტერესდით, ტენდერი მესამედ გამოცხადა. რამდენად უსაფრთხოა ხიდი, რომელიც რელსებითაა გადაბმული, ამის შესახებ ოფიციალური საინჟინრო დასკვნა უცნობია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები