ახალი ამბები
ცხინვალის ციხეში მყოფ გენადი ბესტაევს ინსულტი განუვითარდა - მისი და დახმარებას ითხოვს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრებ გენადი ბესტაევს ინსულტი განუვითარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა დამ, ნაირა ბესტაევმა განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, გენადი ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ნაირა ბესტაევი ითხოვს, რომ მისი ძმა თბილისის კლინიკაში გადაიყვანენ:

,,რაც ეს ამბავი მოხდა, მე არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცხინვალის კლინიკაშია გადაყვანილი. ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები, მოითხოვოს მისი გადმოყვანა თბილისის კლინიკაში.'' - აცხადებს ნაირა ბესტაევი, რომელიც სოფელ მერეთში ცხოვრობს.

გენადი ბესტაევი 2020 წლის ნოემბერში ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დააკავეს და 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესტაევმა ე.წ. საზღვარი რამდენჯერმე დაარღვია და, შესაბამისად, მკაცრი სასჯელი მიესაჯა. სინამდვილეში, მავთულხლართები გენადი ბესტაევის სახლზე გადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები