ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის წინ ჟურნალისტებისთვის შესაძლოა საველე კარავი მოეწყოს
გორის ჰოსპიტლის წინ, სკვერში ჟურნალისტებისთვის საველე კარავი მოეწყობა. ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გორში ყოფნის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მედიების წარმომადგენლებს გათბობისა და კვების საშუალება ექნებათ იმ პირობებში, როდესაც მთელი დღის განმავლობაში გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მუშაობენ.

ნიკა გვარამიას თქმით, ნებართვის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნა გორის მერიას გაეგზავნება.

,,აუცილებელია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ მუშაობის პირობები, ამ სიცივეში ისინი მთელი დღის განმავლობაში დგანან გარეთ და მუშაობენ. იმედი გვაქვს, რომ გორის მერია კეთილ ნებას გამოიჩენს. აქ იქნება ელემენტარული პირობები - გათბობა, დასვენება და კვება'' - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა გორის ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს.

ჟურნალისტები ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მორიგეობენ და ინფორმაციის მისაღებად (ჯანდაცვის სამინიტროს ექიმებისგან, სააკაშვილის პირადი ექიმებისაგან და ადვოკატებისგან) სწორედ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მუშაობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები