ახალი ამბები
ჯავის რაიონში თბილისელი მამაკაცი დააკავეს
ჯავის რაიონის სოფელ ვანელის მიმდებარედ, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

,,რესის'' ინფორმაციით, 47-წლის მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და არანაირი საბუთი გააჩნდა. როგორც მან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს განუცხადა, ე.წ. საზღვარი გადაკვეთა ერგნეთიდან.

ოსური მედიისვე ცნობით, მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს გადასცეს.

სოფელი ვანელი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ( სოფელ ბაგიათთან ახლოს) და საკმაოდ დაშორებულია გამყოფ ხაზთან.

საქართველოს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

,,ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები