ახალი ამბები
გორის საკრებულოს სხდომაზე ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
გორის საკრებულოს სხდომაზე ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა გარდაცვლილი დეპუტატის ფოტოები მიიტანეს.

ფუტკარაძის ხსოვას წუთიერი დუმილით საკრებულოს სხვა წევრებმაც მიაგეს პატივი.

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის ბათუმის საკრებულოს წევრი უნდა ყოფილიყო, რომელიც მაჟორიტარული სისტემით იყო არჩეული.

ფუტკარაძე საკუთარ სახლში გარდაიცვალა და "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი იყო სისხლში შაქრის დონის მატება, რაც, მისივე თქმით, ნერვიულობით იყო გამოწვეული.

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც, მისი თქმით, ასახულია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ზეწოლა "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ნუგზარ ფუტკარაძეზე.

"ქართული ოცნების" წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, გამორიცხა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან "ქართული ოცნების" რაიმე კავშირი. "ჩვენთვის ამორალურია ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია", - განაცხადა აროშიძემ და აქვე გამორიცხა ზეწოლის სავარაუდო ფაქტთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და მისი მამის, დავით რიჟვაძის, კავშირი. "არც ბატონ თორნიკეს და არც მის ოჯახს არანაირი შეხება, არც კანდიდატთან და არც იმ ადამიანებთან, ვინც მისულიყო იყო სავარაუდოდ მოსალაპარაკებლად, რაც ამ ჩანაწერებში ჩანს, არ გააჩნიათ. ჩვენ არც ამის დრო გვაქვს და არც ფუფუნება, რომ ვესაუბროთ კანდიდატებს ამ თემაზე", - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები