ახალი ამბები
გამგებელი VS გუბერნატორი - რა ხდება შტოებს შორის
გორის რაიონის სამი დიდი სოფლის - ქვახვრელის, ატენისა და ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტების ჩავარდნაში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი დაადანაშაულა.

ამის შესახებ ონიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ჯამში 5 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოების ვერშესრულება გუბერნატორის დამსახურებაა.

გამგებლის მოადგილე გია წვერავა გუბერნატორს, კონკრეტულად, ვერ ადანაშაულებს.

ონიაშვილი, წვერავა, შავშიშვილი - სამი მაღალი თანამდებობის პირი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებში რეგიონალური განვითარების პროექტების ჩავარდნის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.

ეს ის პროექტებია, რომლის გამოც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ" გამგებელს 2015 წლის მუშაობის გეგმა დაუწუნა.

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ 2014 წლის ბოლოს გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამგეობამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებლად 20-მდე პროექტი წარადგინა. აქედან პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდა, რომ ყველაზე მეტად სასმელი წყალის პროექტების განხორციელება ქვახვრელს, ხიდისთავს და ატენს ჭირდება.

გამგეობამ დაითვალა, რომ მაგალითად ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაციას 1 მლნ 50 000 ლარი ჭირდება. ეს ციფრი დაფიქსირებულია იმ საპროექტო წინადადებაზე, რომელიც გამგეობამ გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე წარადგინა.

ამის შემდეგ, გუბერნატორის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები შედიან, მთავრობის კომისიას წინადადებები დასამტკიცებლად წარუდგინა.

მთავრობის კომისიამ, სამუშაოების დაწყებამდე, გამგეობას საპროექტო სამუშაობის ჩასატარებლად თანხა გამოუყო.

გამგეობამ პროექტის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა. პროექტის შედგენა მარტიდან სექტემბრამდე გაიწელა. თავდაპირველად, დავა მიდიოდა იმაზე, რომ საპროექტო ორგანიზაციამ პროექტის დაწერა გაააჭინაურა.

დღეს რეალურად გაირკვა, რომ მაგალითად ატენის სასმელი წყლის პროექტი ღირს არა თუ 1 მლნ 50 000 ლარი, როგორც ეს გამგეობამ დაითვალა, არამედ 4 მლნ 500 000 ლარი.

რატომ ვერ დაითვალა წინასწარ მიახლოებითი თანხა გამგეობამ, გამგებლის მოადგილეს კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა ზოგადად ამბობს, რომ რთული რელიეფური პირობების გამო, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს არ შეეძლოთ ზუსტი წინასწარი ციფრის განსაზღვრა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები