ახალი ამბები
ძამის ხეობის ტყეში მანქანა დაგორდა - დაშავდა 1 ადამიანი
ძამის ხეობაში ხე-ტყის მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევა სოფელ ტყემლოვანას სიახლოვეს, ტყეში მოხდა.

დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული მამაკაცი ნივით სოფელ წიფლოვანამდე ჩამოიყვანეს, შემდეგ კი გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო მანქანაში გადაიყვანეს. ის ითხოვდა, რომ საკაცით ნელა გადაეყვანათ, რადგან ტკივილები ჰქონდა.



ხე-ტყის ავტომანქანაში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც დაზარალებულებმა ექიმებს განუცხადეს, მანქანა შუანოს მთის სიახლოვეს დაღმართზე დაგორდა და გადაბრუნდა.

,,რა მოხდა, ვინ ხართ" - ჰკითხეს ექიმებმა. ,,სატყეოს დამზადებაში ვმუშაობთ. მანქანა დაგორდა და ეგ იყო სულ, რა'' - უპასუხეს მათ.

როგორც ირკვევა, ვიდრე ნივით წიფლოვანამდე არ ჩამოვიდნენ, ტელეფონით სასწრაფო დახმარების ცენტრს ვერ დაუკავშირდნენ, რადგან ხეობაში სატელეფონო კავშირი გაწყვეტილია.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მანქანა გაემართა. თუმცა, ისინი უკან მობრუნდნენ, რადგან მოყინული გზის გამო ტყემლოვანადან გზა ვეღარ გააგრძელეს. სატყეოს ყველა თანამშრომელი უკვე სამშვიდობოს იყო გამოსული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები