ახალი ამბები
რატომ ისროლა ,,მაკაროვიდან'' მთვრალმა პოლიციელმა მგზავრებით სავსე მიკროავტობუსში?!
შიდა ქართლის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა ზურაბ წერეთელმა სასამართლო პროცესი 3-ვე ინსტანციაში წააგო. მან ვერ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ წეროვანის სიახლოვეს, მიკროავტობუსში პოლიციელებმა იარაღიდან უკანონოდ ისროლა.

ზურაბ წერეთლის განმარტებით, ბრალდებული წარმოადგენდა პოლიციელს - საჯარო მოხელეს. მას ევალებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, ეკრძალებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე,

,,დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისი-სენაკის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე ,,მერსედეს ბენცის"" მარკის სამარშუტო ტაქსით, მგზავრობისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი. კ–მ, საზოგადოებისადმი თავისი უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, თანნაქონი ,,მაკაროვის"" სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან სამარშრუტო ტაქსის იატაკის მიმართულებით განახორციელა ორი გასროლა, რითაც დააზიანა სამარშრუტო ტაქსის ძარა. მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საზოგადოების მოწოდებისა, რომ იგი დაწყნარებულიყო, ი. კ–მ კვლავ განახორციელა თანნაქონი ,,მაკაროვის" სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ამავე სამარშრუტო ტაქსის 2-მა მგზავრმა'' - აღნიშნა ზურაბ წერეთელმა.

პოლიციელი სასამართლოს პირველივე ინსტანციაში გაამართლეს. 2021 წლის 17 მაისის განჩინების მიხედვით, შიდა ქართლის პროკურატურამ ვერ დაამტკიცა აღნიშნული ფაქტი. სასამართლოზე 4-მა მოწმემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველს მიკროავტობუსში ,,ორი მოძველბიჭო'' ტიპი იარაღს ართმევდა.

საქმის მასალების მიხედვით, პოლიციის თანამშრომელი ერთი დღით გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან ნათესავის დაკრძალვაზე მიდიოდა. მან სუფრასთან დალია 7-8 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ კი ავტოსადგურზე წავიდა.

პოლიციელი თავის ქმედებას ასე აღწერს: ,,მიკროავტობუსის გასვლამდე ჩემთან მივიდა ორი, 20-22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომლებმაც მთხოვეს ფული, რაზეც ვუპასუხე, რომ არ მქონდა. შემდეგ ავედი მიკროავტობუსში და მოვთავსდი სავარძელზე. ყველა მგზავრს ეძინა. მიკროავტობუსი უკვე დაძვრას აპირებდა, როცა ის ორი ახალგაზრდა ჩემს უკან, სხვადასხვა მხარეს მდებარე სავარძლებზე დასხდნენ. კართან ვიჯექი და მგზავრობისას შემაწუხა ქარმა, გადავჯექი მიკროავტობუსის უკანა კუთხეში, სავარძელზე, სადაც ერთი მამაკაცი იჯდა სავარძლის მეორე მხარეს. ჩემს წინ იჯდა ორი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი, ხოლო მეორე გვერდით დამიჯდა და ჰმითხა, თუ სად ვმუშაობდი რაზეც ვუპასუხე, რომ პოლიციაში ვმუშაობდი. ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, რომ ვერ ჩავაღწევდი ადგილამდე, რადგან მიკროავტობუსი წეროვანს ვერ გასცდებოდა. ამ სიტყვების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი მარჯვენა ხელით თმაში მწვდა, ხოლო მარცხენა ხელით ქურთუკის გადაფარება უნდოდა თავზე. ამ დროს მეორე პირიც წამოვიდა ჩემსკენ, რომელმაც დაიძახა, რომ იარაღი აქვსო. იარაღი მარჯვენა მხარეს ქამარზე მეკეთა და ვიგრძენი, თუ როგორ იღებდა იარაღს. მარცხენა ხელის მაჯაზე მოვკიკიდე ხელი ახალგაზრდას და ვცდილობდი, რომ დაეწია ქვემოთ, რა დროსაც მოხდა ორი გასროლა. მიკროავტობუსი არ გაჩერებულა და მიდიოდა. მეორე ახალგაზრდაც ხელს მიშლიდა, რის გამოც კიდევ ორი გასროლა მოხდა. მგზავრებმაც გაიღვიძეს და მიკროავტობუსიც გაჩერდა, სალონში სინათლე აანთეს, მგზავრები ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან, ჩვენს შორის კვლავ გრძელდებოდა ძიძგილაობა. ორივენი ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან. მე მიკროავტობუსიდან არ ჩავსულვარ, რადგან მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წამიყვანეს. პოლიციის მანქანაში ჩაჯდომისას 15 მეტრის მოშორებით დავინახე მისი კუთვნილი იარაღი, რომელიც ძირს ეგდო დაშლილ მდგომარეობაში.'' - ეს არის პოლიციის თანამშრომლის ვერსია, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა.

პროკურატურამ ამ დრომდე ვერ დაადგინდა იმ ორი ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომლის შესახებ შსს-ს თანამშრომელი ყვება.

სასამართლოზე წარდგენილმა მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მიკროავტობუსიდან ჩავიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთს უბეში ჰქონდა იარაღი, რომელიც იქვე მდებარე არხში ჩააგდო, შემდეგ კი გაიქცნენ.

,,ბრალდების მხარემ არ დაადგინა მოცემული ორი პირის ვინაობა, რომელთა შესახებ საუბრობს როგორც ბრალდებული ი. კ–ე, ასევე - მოწმეები. განსახილველ შემთხვევაში გორის სასამართლომ ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები