ახალი ამბები
შსს-ს არქივი: 1948 წელს სტალინის ძეგლის დადგმას ფუნიკულიორზე გეგმავდნენ
გასაბჭოების 30 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში სტალინის ძეგლის დადგმას მთაწმინდაზე, დღევანდელი სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე გეგმავდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების არქივში დაცული ცნობის მიხედვით, შენახულია ესკიზები, რომლითაც ძეგლის დადგმის დროს უნდა ეხელმძღვნელად.

დოკუმენტები თარიღდება 1948 წლით. ამ წლის 27 ივლისს არქიტექტორმა ბოგდან მურადის ძე კირაკოსიანმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს თბილისში, დავითის მთაზე (იგულისხმება მამა დავითის მთა) სტალინის მონუმენტის აღმართვის თაობაზე წერილი მისწერა.

არქიტექტორი იუწყებოდა, რომ დიდი ბელადის გრანდიოზული მოღვაწეობის აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად 1942 წლიდან მუშაობდა ძეგლის შექმნაზე, რომ მისი იდეა იმდენად იყო დამუშავებული, შეეძლო ილუსტრირებული მასალების წარდგენა. მონუმენტი უნდა აღმართულიყო დავითის მთაზე, სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, ფუნიკულიორზე. ამით თბილისის ბუნებრივი აკროპოლი - დავითის მთა მთელ ქალაქს დაუკავშირდებოდა ერთი დიადი ნიშნით.

წერილში ვკითხულობთ - ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონუმენტის ადგილმდებარეობის შესახებ, პარკის აღმოსავლეთ მხარეს პირით აღმოსავლეთისკენ, ე. ი. ქალაქისკენ, საშუალებას მოგვცემს დავინახოთ დილის ამომავალი მზით მკვეთრად განათებული ნაგებობის პირისახე, ხოლო საღამოს საშუალება გვექნება დიდხანს დავაკვირდეთ სილუეტს, რომელიც ეფექტურად იქნება პროექტირებული ჩამავალი მზის ფონზე. ოთხმოცმეტრიანი სიმაღლის ნაგებობის შეხამება დავითის მაღალ მთასთან ქმნის მონუმენტის ერთ მთლიანობას, აღმართულს 350 მეტრ სიმაღლეზე ქალაქ თბილისის თავზე და ეს იქნება ერთადერთი მაგალითი გრანდიოზული პიროვნების გრანდიოზული გამოხატვისა.
მონუმენტის მშენებლობისთვის უნდა გამოვიყენოთ ის მასალები, რომლითაც აშენებდნენ ჩვენამდე მოღწეულ ათასწლოვან ნაგებობებს. ახლო მომავალში ჩვენი ქვეყანა და ქ. თბილისი აღნიშნავს გასაბჭოების 30 წლისთავს და ქალაქის დაარსების 1500 წელს. დახმარების შემთხვევაში საიუბილეო თარიღის აღნიშვნის დროს შეიქმნება მონუმენტის ნატურალური ზომის მოდელი და დაიდგმება თავის ადგილზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, აღმომიჩინოთ საჭირო დახმარება ჩემი იდეის ხორცშესასხმელად. წერილს თან დართული ჰქონდა ესკიზები.'' - ვკითხულობთ წერილში.

თუ რატომ არ განხორციელდა ეს იდეა, სამინისტროს არქივში სხვა მასალები არ გამოქვეყნდა. 1955 წელს კი, სტალინის კულტის დროს, მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები