ახალი ამბები
შიდა ქართლი, იმერეთისა და აჭარის შემდეგ, ომიკრონის შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს
ქვეყანაში შემთხვევების 50% „ომიკრონია“, ამ შტამით ინფიცირების მაჩვენებელში თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1254 შემთხვევა; აქედან სტაციონარში მოხვდა 14 პირი და 13 უკვე გაწერილია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დადასტურებული 1254 შემთხვევიდან, დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა.

„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი -7521, რაც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს და რამდენიმე დღის წინ ჩამოვცდით ჩვენს ზღვრულ მაჩვენებელს. თანდათან ეს მძიმე ინდიკატორიც ქვემოთ მოდის. დადებითი შემთხვევების 50% ქვეყანაში „ომიკრონით“ არის გამოწვეული. თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს, იქ „ომიკრონის“ წილი 65%-ია. რეგიონებში 30-35%-ის ფარგლებში გვაქვს. ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და გურია. თუმცა, მეორე ადგილზე „ომიკრონის“ მაჩვენებლით თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი. „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1254 შემთხვევა გვაქვს. ამ 1254 შემთხვევიდან საშუალო ასაკი გახლავთ 33,8. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. სტაციონარში მოხვდა 14 პირი, აქედან 13 გაწერილია. სტაციონარიზაციის ძირითადი მიზეზი თანმხლები დაავადებები გახლდათ და არა კოვიდის სიმძიმე. ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევები „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან თუ ბევრი შემთხვევა იქნება ერთდროულად, სხვა შედეგი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა მესამე „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ „ბუსტერი“ „ომიკრონის“ შტამზეც ეფექტურად მოქმედებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები