ახალი ამბები
გენადი ბესტაევი სამკურნალოდ კლინიკა ,,რედიში'' გადაიყვანეს
გენადი ბესტაევი გადმოვიყვანეთ პალიატიურ კლინიკა რედში. ამის შესახებ განცხადებას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგგომარეობა კვლავ შეფასებულია უმძიმესად. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს.

,,ღმერთმა დიდი ხანი აცოცხლოს გენადი, მაგრამ მისი ეს უმძიმესი მდგომარეობა და ნებისმიერი ნეგატიური შედეგი 100% საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა არის და იქნება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ადამიანის ურთულეს მდგომარეობას განიცდის და მადლობა მათ, ვინც მისი მკურნალობის 100% დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.'' - აღნიშნავს ქაცარავა.

2021 წლის 16 ნოემბერს, ბესტაევი ცხინვალიდან თბილისში გადაიყვანეს. "ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

გენადი ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, 2020 წლის ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესტაევმა ე.წ. საზღვარი რამდენჯერმე დაარღვია და, შესაბამისად, მკაცრი სასჯელი მიესაჯა. სინამდვილეში, მავთულხლართები გენადი ბესტაევის სახლზე გადის. როგორც ზარდიანთკარში ყვებიან, კონფლიქტი რუს სამხედროებთან ხშირად მოსდიოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები