ახალი ამბები
ზნაურის რაიონში კვლავ გაჩნდა ღორების აფრიკული ჭირი
ზნაურის რაიონის სოფელ ნედლათში (ფარნაში) გავრცელდა ღორების დაავადება - აფრიკული ჭირი. ამის შესახებ ცხინვალელ ჟურნალისტებს რაიონის მთავარმა ვეტერინარმა ახსარ ყოთაითიმ შეატყობინა.

ყოთაითის ცნობით, "ზნაურის რაიონის სოფელ ფარნში ერთ კაცს 24 ღორი დაუინფიცირდა, მათგან 12 მოკვდა, სხვების კი დახოცვა მოუწია, იმ მიზეზით რომ დაავადებულები იყვნენ. დღეს კი ამ სოფელში კვლავ დადასტურდა დაავადება და ნიმუშები გავგზავნეთ კრასნოდარის კროპოტკინის ლაბორატორიაში." - განაცხადა ახსარ ყოთაითიმ.

ზნაურის რაიონში აფრიკული ჭირის გამოჩენა პირველი არაა ამ ბოლო დროს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აფრიკული ჭირის გამოვლინებებს გასული წლის განმავლობაში იკვლევდნენ.

"გასულ წელს, სექტემბერში სოფელ მუგუთში გამოჩნდა პირველად დაავადება, რასაც 54 ღორი შეეწირა, კიდევ 57-ის კი დაკვლა გახდა საჭირო. ამ სოფელში ღორი აღარ არსებობს. რამდენჯერმე მოვახდინეთ დეზინფექცია. ლაბორატორიული შესწავლის შედეგად დაავადების შემთხვევა დადასტურდა. მას შემდეგ კი გაჩნდა სოფელ ჩდილეთში" - დაამატა ვეტერინარმა. მუგუთი მდებარეობს სოფელ დვანის მეზობლად - ქარელის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს.

ამჟამად რაიონის ვეტერინარული სამსახურები მარხავენ ჭირისაგან დახოცილ პირუტყვს, რათა აღარ მოხდეს დაავადების გავრცელება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები