ახალი ამბები
კერძო მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ძაღლის მოვლა-პატრონობისთვის სააგენტოს თანამშრომელი დაიქირავოს
ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ ძაღლებს ავტომაგისტრალებზე და საცხოვრებელი სახლებისგან მოშორებულ ადგილებზე ტოვებენ.

ამის გამო, მიუსაფარი ცხოველები სხვადასხვა ლოკაციაზე გროვდებიან და უკონტროლოდ მრავლდებიან.

სინამდვილეში კერძო პირს შეუძლია საკუთარი ძაღლი მოსავლელად შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში მიიყვანოს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ეს ნორმა იმ წესდებაშია აღნინული, რომელიც გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მერებმა შეადგინეს.

მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს უფლება აქვს კერძო პირებს ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მომსახურება გაუწიოს. ოფიციალურ დოკუმენტებში მომსახურების თანხა განსაზღვრული არაა.

შიდა ქართლში მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურმა სააგენტომ მუშაობა 2021 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო. სააგენტო გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მერებმა დააფუძნეს. წესდების მიხედვით, ორგანიზაციის მუშაობას დამფუძნებელთა საერთო კრება განსაზღვრავს.

ამჟამად, სააგენტოში მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა გაზრდილია. გაზრდილია გამოძახებათა რაოდენობა, განსაკუთრებით, ხაშურის მუნიციპალიტეტიდან.

რა შემთხვევაში შეუძლია მოქალაქეს მიმართოს სააგენტოს, ამის შესახებ იმ წესდებაშია აღნიშნული, რომლის შესახებ ოთხივე მუნიციპალიტეტების მერები შეთანხმდნენ:

სააგენტოს საქმიანობის მიზანია - ადამიანისა და მიუსაფარი ცხოველის თანაარსებობისთვის მდგრადი გარემოს შექმნა. მიუსაფარი ცხოველი გულისხმობს ძაღლს ან კატას, რომელსაც არ ჰყავს მფლობელი და პატრონი.

სააგენტოს ფუნქციებია: მიუსაფარი შინაური ცხოველის დაჭერა, დროებით თავშესაფარში განთავსება შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. ცხოველზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის განთავსება.

საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარული ღონისძიებების გატარება; ექიმ-ვეტერინარის ან კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება და დაკვირვება, მკურნალობა.

რაც შეეხება მომსახურების ფასებს, ამის ოფიციალური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები