ახალი ამბები
წიგნიერების კამპანია შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკაში


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკამ, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა შინდისელ მოსწავლეებს ეწვია. აფხაზავამ ბავშებს გაკვეთილი ჩაუტარა, მანამდე კი ბიბლიოთეკას 50-მდე წიგნი გადასცა, რომელიც კომპანია ,,იულის მაინლმა'' შინდისის ბიბლიოთეკისთვის შეაგროვა.

ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და 2019 წლის ,,მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალისტია.



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ,,იულიუს მაინლმა“ პროექტი #გააზიარეთავგადასავალი დაიწყო, თბილისში საბავშვო საქველმოქმედო ბიბლიოთეკა მოაწყო და შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვების ორგანიზება უზრუნველყო.

,,ერთი თვის მანძილზე, ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ წიგნების გასაზიარებლად, ფინჯანი ყავითა და ჩაით ვუმასპინძლდებოდით, სტუმრები კი ფინჯანი სასმლის თანხლებით, მათ მიერ გაჩუქებულ წიგნებს სამახსოვრო წარწერებს უკეთებდნენ, რათა მათი ემოციები ფურცელზე დაეტოვებინათ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავდნენ.'' - აღნიშნავენ ,,იულიუს მაინლის'' წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში, შეგროვდა 50-მდე  წიგნი როგორც ქართველი, ასევე - მსოფლიო კლასიკოსი მწერლების ავტორობით.

რაც შეეხება შინდისის ბიბლიოთეკას, ის ორგანიზაცია წმინდა ილია მართლის განათლების ცენტრმა დააფუძნა. ორგანიზაციას სუზი ბერიძე ხელმძღვანელობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები