ახალი ამბები
გორში სტალინის სახელობის რესტორანი მომხმარებლებს კოვიდპასპორტის გაუქმებას ულოცავს
გორში სტალინის სახელობის რესტორანი მომხმარებლებს კოვიდპასპორტის გაუქმებას ულოცავს. ამის შესახებ განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

რესტორნისთვის სასიხარულო ინფორმაციის მიღების შემდეგ, მომხმარებლებს ,,ორმაგად'' ელოდებიან.

რესტორანი ,,ჟოზეფი'' მოკრივეს, მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. კვების ობიექტის სახელწოდება იოსებ (Josep) სტალინის სახელს ატარებს.

,,ჟოზეფის'' დაარსებამდე რესტორანის სახელწოდება იყო ,,სპორტ-კაფე''. შენობის პირველ სართულზე ცალკეა კუპე, სადაც სტალინის ფოტოებია გაკრული და იქ სტალინის მოყვარეულები იკრიბებიან.

გიორგი კანდელაკი 2021 წელს მედია მფლობელიც გახდა. მან ტელეკომპანია ,,სეზონი'' დაარსა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს "ომიკრონის" გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით,

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც "მწვანე პასპორტი" საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები