ახალი ამბები
შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 82 წლის ასაკის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 82 წლის ასაკის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურძემ მიიღო და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული მამაკაცი აცხადებს, რომ ის შვილის მხრიდან ძალადობას სისტემატიურად განიცდიდა. სხდომათა დარბაზში მოსამართლეს გატეხილი თავიც აჩვენა.

,,რაც ახალი წლები დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი. ძირს დამაგდებდა ხოლმე და ზედ მახტებოდა ხოლმე. სულ მტკივა ძვლები'' - განაცხადა კარლო მეგრელიშვილმა.

ადვოკატ თამარ თედლიაშვილის განცხადებით, მამაკაცი იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში და, შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო განზრახ ჩადენილი. ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობის ფაქტებზე მამას შვილის წინააღმდეგ არასდროს უჩივლია, რადგან არ უნდოდა შვილის ციხეში გაშვება.

ხოლო წინასწარ პატიმრობაში ხანდაზმული ადამიანის დატოვება, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშია.

,,როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, იგი სისტემატიურად განიცდიდა ძალობას, სხვადასხვა მიზეზით - შვილი სთხოვდა თანხას, სასმელს და ა.შ. მას დანაშაული არ ჩაუდენია განზრახ, რადგან ეს გამოწვეული იყო იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორშიც ცხოვრობდა' - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც პროკურორს ,,გორმედიდან'' აცნობეს, დაჭრილი შვილი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში.

შეგახსენებთ, გორის შს სამმართველოს ცნობით, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ვერსიით, 82 წლის ასაკის ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

,,გორმედის'' ექიმის, ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. პაციენტს ასევე ხელის მტევნებზე, თავისა და წინამხრის არეში აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებო

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები