ახალი ამბები
ესტონელმა ევროპარლამენტარმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა
ევროპარლამენტის ესტონელი წევრი და საქართველოს შესახებ მომხენებელი სვენ მიკსერი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

ინფორმაციას სადამკვირვებლო მისიის პრეს-სამსახური ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრ მიკსერს მისი საველე ვიზიტის დროს შეურთდა, მიაწოდა მას ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ხურვალეთის რაიონში.

დაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში მან განმარტა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მიმდინარე "ბორდერიზაციის" ისეთი აქტივობები და მახასიათებლები, როგორებიცაა ღობეები და სათვალთვალო საგუშაგო.

,,ბრიფინგის დროს ყურადღება გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც "ბორდერიზაცია" იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის და მათ კონკრეტულ, ყოველდღიურ შედეგებზე მათ შორის მაგალითად, შემთხვევებზე, როდესაც მათ არ შეუძლიათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა საპენსიო სარგებელის მისაღებად. ვიზიტის დასასრულს, ევროპარლამენტის წევრმა მიკსერმა, მადლობა გადაუხადა მისიას, როგორც ადგილზე ერთადერთ სადამკვირვებლო წარმომადგენლობას სტაბილურობაში მისი წვლილისთვის.'' - აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები