ახალი ამბები
კასპის მერმა და შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა კავთისხევში ძმებ ხაჩირაშვილების სასტუმრო გახსნეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ახალი სასტუმრო მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ვიცე-გუბერნატორმა აბიკო აბესაძემ გახსნეს.

სასტუმროს მეპატრონეები არიან ნიკოლოზ და კახა ხაჩირაშვილები. ნიკოლოზ ხაჩირაშვილი გლდანის ყოფილი გამგებელი და თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალების'' (უმრავლესობის) ლიდერი იყო. კახა ხაჩირაშვილი კი კასპის ყოფილი გამგებელი (ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში).

ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობა'' და ფრაქციის თავმჯდომარეობა 2013 წლის თებერვალში დატოვა. 2013 წლის 20 თებერვალს საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიას ემიჯნება.

..ამერიკის ხმის'' ცნობით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხაჩირაშვილი თბილისის ყველაზე დიდი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო, შემდეგ კი თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში უმრავლესობის ლიდერი გახდა.

რაც შეეხება მის ძმას, კახა ხაჩირაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობის პერიოდში 2011-2012 წლებში კასპის გამგებელი იყო.

2013 წელს ნიკოლოზ ხაჩირაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ დაკითხა. გამოძიება "თბილსერვის ჯგუფის", იგივე თბილისის დასუფთავების სამსახურის საქმიანობას სწავლობდა, სადაც ფიქტიურად "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და მომხრეები იყვნენ გაფორმებულნი და გამოძიების აზრით, უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საუბარია 5 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე. ამ საკითზე თბილისის მერი გიგი უგულავა იყო დაპატიმრებული.

ხაჩირაშვილი ორივე დაკითხვის შემდეგ ამბობდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. თუმცა, 2013 წლის 20 თებერვალს ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დატოვა:

რაც შეეხება ძმებ ხაჩირაშვილების სასტუმროს, ოფიციალურად გუშინ, 2022 წლის 4 თებერვალს გაიხსნა. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმროს მშენებლობა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ხელშეწყოფით 70%-ის ფარგლებში დაფინანსდა.

,,დღეს მოგვეცა შესაძლებლობა სასტუმროს პრეზენტაციაზე დასწრების, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში პირველია და მივესალმებით მის გახსნას. სასტუმრო კავთისხევი რეზორტი ქართული ეკონომიკის, ადგილობრივი ბიზნესის და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. საკავთისხევო მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. სასტუმროს ფუნქციონირებამ სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყო ხელი. ვულოცავთ სასტუმროს მეპატრონეს ნიკოლოზ ხაჩირაშვილსა და მთელ პერსონალს ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომ ზრუნავენ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და ტურისტებისა და დამსვენებლების სიმრავლეს ვუსურვებთ - აღნიშნეს პრეზენტაციაზე დამსწრე შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პრეზენტაცია რომელიც ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობა გრანდიუზოლი ფოიერვერკით დასრულდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები