ახალი ამბები
კასპის მერიას უმტკიცებენ, რომ მისი ტენდერი კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული
კასპის მერიას ჩაეშალა ტენდერი, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის უნდა შეძენილიყო ნაგავმზიდი. ამისათვის გამოყოფილი იყო 402 000 ლარი. მერიის მოთხოვნის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მანქანა 100 დღეში უნდა ჩამოეყვანა.

ტენდერის პირობებმა ავტომწარმოებელი კომპანიების გაღიზიანება გამოიწვია. მაგალითად, კომპანია ,,ჯი-თი-გრუპმა'' აღნიშნა, რომ შეუძლებელია საზღვარგარეთიდან ნაგავმზიდის ჩამოყვანა ამ ვადაში. კონკურენტი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მერიას სავარაუდოდ ეგულებოდა ასეთი კომპანია, რომელსაც უკვე გააჩნდა ასეთი მანქანა და სატენდერო პირობები მასზე მოარგო.

კომპანია ,,ჯი-თი-გრუპის'' წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა ავტომწარმოებლის შასის მოწოდების ნორმალური ვადა 4-5 თვეა, ხოლო ნაგავშემკრები დანადგარის მონტაჟს (შემდგომი ტესტირების ჩათვლით) 1 თვემდე მაინც სჭირდება.

,,აღნიშნულის ფონზე ჩვენთვის ბუნდოვანი და გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა მერიამ ბაზრის კვლევის შედეგები და სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე, რომელსაც ალბათ შეუძლია დასახელებულ 100 დღიან ვადაში ჩატევა, მოარგო აღნიშნული შესყიდვის პირობები. ამ პირობის დაწესებით შემსყიდველმა ხელოვნურად შეზღუდა ტენდერში მონაწილეთა წრე, რაც ეწინააღმდეგება შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის დამკვიდრების პრინციპებს. ამასთან გაუგებარია, რა მიზნის შესრულებას ემსახურება შემსყიდველის მიერ ამ პირობის ჩამოყალიბება. მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მოთხოვნა დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და კონკურენციის შემზღუდველი, შესაბამისად უნდა შეიცვალოს და შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღე (6 კალენდარული თვე).'' - აღნიშნავს ,,ჯი-თი-გრუპის'' წარმომადგენელი.

,,ჯითიგრუპის'' საჩივარი შესყიდვების სააგენტოში განიხილეს და აღნიშნეს, რომ კომპანიის წარმომადგენლის საჩივარი საფუძვლიანია. ამის გამო საბჭომ მიიჩნია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა მან საქონლის მიწოდების ვადა, ამასთანავე, კონკრეტულ ტენდერში განსაზღვრული მოთხოვნებისა და ასევე, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად საკმარისი იყო განსაზღვრული ვადა - არაუგვიანეს 100 (ასი) კალენდარული დღე" და რის საფუძველზე, და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

როგორც შემდგომში გაირკვა, კაპის მერიამ არა თუ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე განსაზღვა 100 დღე, არამედ საერთოდ გააუქმა ტენდერი და ჯერჯერობით არავინ იცის, როდის ეყოლება კასპს ნაგავმზიდი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები