ახალი ამბები
,,მინდა, სოფელში მცხოვრებ ბავშვებს შევთავაზო რამე ახალი'' - ელენე ბლიაძე დირბიდან
ელენეს საყვარელი საქმე თექაზე მუშაობაა. თექის შესწავლამდე ქარგავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თექაზე მუშაობა ისწავლა, ამ საქმეზე სრულად გადაერთო. მისი ოცნებაა სახელოსნოს გახსნა, სადაც ბავშვებს ცოდნას გაუზიარებს.

,, ჩემს საყვარელ საქმესთან, თექასთან პირველი შეხება 15 წლისას მქონდა. დეიდამ მასწავლა, თუმცა თექის შესწავლამდე, სულ პატარა ვიყავი, ალბათ, 10 წლის, როცა ქარგვა მასწავლა, ჩემი პირველი ნაქარგი ბაჭია იყო - ხელში სტაფილოთი, რომელიც ჩემს დას ვაჩუქე. მას მერე საჩუქრებს ჩემი ხელით ვაკეთებდი და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა."" - იხსენებს ელენე.

ელენე ბლიაძე 28 წლის არის, ის დეიდასთან, ბიძასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქარელის რაიონში, სოფელ დირბში ცხოვრობს, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია. ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივატორი მისი შვილი, პატარა თედოა. ელენე გორის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია და ასევე, დირბის საჯარო სკოლის მანდატურია.



,,როცა თედოსთან ერთად დავბრუნდი ჩემებთან, ბევრი რამე ვცადე, მებაღეობაც, მარწყვის სათბურიც კი ავაწყე, ჩემი სახსრებით, მაგრამ არ გაამართლა. ქართლის სასათბურე მარწყვი და კახეთის ღია გრუნტზე მოყვანილი მარწყვი ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენთან შედარებით ცივა და, ფასიდან გამომდინარე, არ ღირდა წვალებად.’’ - გვიყვება ელენე.

შემდეგ ისევ დაუბრუნდა საყვარელ საქმეს და წარმატებამაც არ დააყოვნა.

,,ერთხელაც ჩემი ნამუშევრები ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავდე და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებში და შეკვეთების რაოდენობამაც მოიმატა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ... ამ ყველაფერთან ერთად, მე და დეიდას გაგვიჩნდა იდეა, ავაშენოთ სახელოსნო და ბავშვებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, ისევ გავიტანოთ ჩვენი ნამუშევრები მეწარმეთა გამოფენებზე, როგორც წლების წინ აქტიურად ვიყავით ჩართულები და საკმაოდ წარმატებით. მინდა, სოფელში მცხოვრებ ბავშვებს შევთავაზო რამე ახალი, აქ ბავშვები თითქმის ყველაფერს მოკლებულნი არიან, არადა ძალიან ბევრი საინტერესო რამე შეიძლება შექმნან საკუთარი ხელით.'' - ამბობს ელენე.



მას სკოლაში ბევრ ბავშვთან აქვს ურთიერთობა, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება სურთ:

,,უნდათ, რომ უნივერსიტეტებში ჩააბარონ და წავიდნენ სოფლიდან, აქ ნაკლებ განვითარებას ხედავენ, მე მინდა მათთვის დირბში გატარებული წლები საინტერესო და ტკბილი მოგონებებით იყოს სავსე, ისევე როგორც, ჩემთვის იყო სახელოსნოში მუშაობა, სადაც მხოლოდ თექას კი არა, თოჯინებს, ნაქარგ აქსესუარებს, სამკაულებს ვამზადებდით. ეს თმის სამაგრები, ბროშები და ჩანთები ჩვენი იდეაა და ეგვიპტეში, საელჩოების გამოფენაზე გაიყიდა. ვფიქრობთ ბრენდირებაზეც.""

ელენე გვიყვება, თუ როგორია მისი საოცნებო სახელოსნო. წუხს, რომ ამ ეტაპზე არ არის შესაბამისი საგრანტო პროგრამები, რაც ოცნების ასრულებაში დაეხმარებოდა.

,,ეზოში პაპას ძველი ავტოფარეხის გადაკეთებას ვფიქრობთ, თანხას ხელოსანი მოითვლის, ჩვენი ვარაუდით 10 000 ლარი უნდა გვეყოს ძველი შენობის გადასაკეთებლად, რაც მთავარია დიდი შუშებით და ნათელი ოთახი უნდა იყოს დანარჩენს ჩვენი ხელითაც გავაკეთებთ და გავალამაზებთ. სახელოსნოში ბავშვებს მივიღებ და ერთად ვიმუშავებთ. გამოფენებზე მათ ნივთებსაც გავიტანთ, ასევე ჩემს ფაჩუჩებსაც. თუ გაყიდვები კარგი იქნება, რამდენიმე ქალის დასაქმებაც შეიძლება სამომავლოდ."" - ამბობს ელენე და ოცნების ასრულებამდე გვემშვიდობება, რათა შემდეგ თავის სახელოსნოში დაგვპატიჟოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები