ახალი ამბები
რატომ არის კოვიდლაბორატორია ქალაქის ცენტრში?
გორის საკრებულოს აწ უკვე ყოფილი წევრი, პედაგოგი ირმა ამბარდნიშვილი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ჯანდაცვის რეგიონალური ლაბორატორიის არსებობას.

მისი თქმით, იქ სადაც უამრავი საბანკო ორგანიზაციები და კვების ობიექტებია, კოვიდტესტების მოლოდინში ინფიცირებული ადამიანებიც იკრიბებიან:

,,ქალაქის განვითარების გენგეგმაზე ცხარე დებატები გვქონდა საკრებულოში და როგორც იქნა მივიღეთ და დარჩა თაროზე შემოდებული! სხვას ვერაფერს იფიქრებ, როცა საკრებულოს შენობის გადმოსწვრივ ხუთსართულიანი ასბინიანი შენობის პირველ სართულზე, სადაც არის " თბს" ბანკის ცენტრალური ფილიალი, სავაჭრო ცენტრი" ნავნე", მობილური "ეფლის"მაღაზია, რესტორანი და კაფე, გაიხსნებოდა დიაგნოსტიკური ცენტრი - და არა მარტო! აქვე არის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიც გახსნილი!'' - აღნიშნავს ირმა ამბარდნიშვილი.

მისი განმარტებით, ეს ის ქუჩაა, რომლითაც ხელისუფლება თავს იწონებს, რადგან რეაბილიტაცია ხორციელდება:

,,მართალია, ისეთი უჟმური ფერებია, დეპრესია თუ არ აქვთ, მაგ კორპუსებში მაცხოვრებლებს, მალე დაეწყებათ. ძალიან ტურისტულია, რესტორნის გვერდით, დილიდან დაღამებამდე მთელი ტროტუარის პერიმეტრზე კოვიდინფიცირებული ადამიანების რიგი რომ არის! ანუ საზ.ჯანდაცვასთან კითხვა მაქვს, მანდ გამვლელ - გამომვლელისთვის, კორპუსში მაცხოვრებლებისთვის ინფიცირების ალბათობა რამდენია? ნოლი? არაფერი? ან რა უნდა რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრს შუაგულ ქალაქის ცენტრში? საავადმყოფოებისკენ რომ გადაგენაცვლათ არა?' - კითხულობს ამბარდნიშვილი.

ირმა ამბარდნიშვილი 2017-2021 წლების საკრებულოს წევრი იყო. თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობიდან, თუცა შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. მანდატი მას 2021 წლის ოქტომბერის არჩევნების შემდეგ ამოეწურა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები