ახალი ამბები
გორის პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა არასრულწლოვანსა და არარეგისტრირებულ მეუღლეს რამდენჯერმე სცემა
სასამართლომ 2 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც, გორის პროკურორის, ნიკა მახარაძის ინფორმაციით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენჯერმა მიაყენა.

მოსამართლემ ბრალდებულს სასჯელი მხოლოდ ცემის მუხლით მიუსაჯა. ხოლო ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, რაც მუქარას გულისხმობს, გაამართლა. დაზარალებულმა პროცესზე განაცხადა, რომ მართალია მუქარას ჰქონდა ადგილი, თუმცა მკვლელობის საფუძვლიანი შიში არ გასჩენია.

მიუხედავად ამისა, პროკურორმა მოითხოვა სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენება. ამის გამო, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გორის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ფაქტები იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა არასრულწლოვანი იყო. ამჟამად, დაზარალებული უკვე სრულწლოვანია.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული 2020 წლის მარტის თვიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დაზარალებულთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 16 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. გ– ში, რესტორან "მ–ში", ეჭვიანობის ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ერთხელ ძლიერად გაარტყა სახეში და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში.

პროკურორის მტკიცებით, კიდევ ერთი შემთხვევა ბინაში მოხდა. ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე განაწყენებულმა,, ხელი რამდენჯერმე გაარტყა სახეში და ფეხი ჩაარტყა მუხლის არეში, რის შემდეგაც დაუჭირა ხელები და შეანჯღრია ძლიერად და მასსა და მის დედას მოკვლით დაემუქრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები