ახალი ამბები
მერეთის რწმუნებული: ბესტაევის დაკრძალვის ხარჯებს მერია გაიღებს
გენადი ბესტაევის დაკრძალვისთვის გარკვეულ ხარჯებს გორის მერია გაიღებს. ამის შესახებ მერეთის წარმომადგენელი, მერაბ მახარაშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები საკაცის შესაძენად. ბესტაევის ცხედარს თბილისიდან სავარაუდოდ საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

,,ჯერ არ ვიცით, სად დავასვენებთ - თავის სახლში თუ დის სახლში მერეთში. ფაქტია, რომ აღარავინ ჰყავს, ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს. ამიტომ, როგორც უპატრონო მიცვალებულის მუხლიდან გამოიყოფა თანხები' - ამბობს მერაბ მახარაშვილი.

ბესტაევი დღეს თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა. მას ინსულტი ჯერ კიდევ ცხინვალის საპატიმროში ყოფნის დროს 2021 წლის ნოემბერში განუვითარდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დახარებით, პაციენტი საპატიმროდან თბილისში გადაიყვანეს. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

გენადი ბესტაევი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში მარტო ცხოვრობდა. ომის დროს, ის საქართველოს ციხეში სასჯელს იხდიდან. სასჯელის მოხდის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი ე.წ. უკონტროლო ზონაში მდებარეობს.

ე.წ. უკონტროლო ზონა გულისხმობს ტერიტორიას, რომელიც მოქცეულია ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები