ახალი ამბები
ხაშურის მერია: მოქალაქეებო, მუყაოს ნარჩენებს ურნაში ნუ ათავსებთ!
ხაშურის მერია დაჯარიმებით ემუქრება იმ პირებს, ვინ ურნაში მუყაოს ნარჩენებს ან ისეთ ნაგავს მოათავსებს, რომელიც ასეთი ტიპის ნარჩენებისთვის არაა განკუთვნილი.

ამის შესახებ განცხადება და ორი ფოტო დღეს გამოაქვეყნეს:

,,ძვირფასო ხაშურელებო, ორი ფოტო, რომელსაც ჩვენს გვერდზე ვაქვეყნებთ, გადაღებულია ერთი საათის შუალედში. ქალაქის ცენტრში განლაგებული ნაგვის კონტეინერების დიდი უმრავლესობა დაცლის შემდგომ მყისიერად ივსება ნარჩენებით. ნარჩენების დიდი ნაწილი მუყაოს ცარიელი ყუთებია, რაც ურნებში შეუსაბამოდ დიდ ადგილს იკავებს და ადგილს არ ტოვებს სხვა ნარჩენებისთვის. ჩვენი თხოვნაა ყველა მოქალაქის, მაღაზიის თუ სხვა დაწესებულების მფლობელის თუ თანამშრომლის მიმართ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედების განხორციელებისგან.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

მერია მოსახლეობას შეახსენებს, რომ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსება (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში მოთავსება) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

,,ღიად გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, ჩვენი მიზანი ქალაქში სისუფთავეზე ზრუნვაა. ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, აღნიშნული საჯარიმო ღონისძიებების გამოყენება არ დაგვჭირდება. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე!'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები