ახალი ამბები
უახლოეს 10 წელიწადში ქალაქ გორში დამატებით 4 სკოლის მშენებლობა მოიაზრება
სამომავლო გათვლებით, ქალაქ გორში, დამატებით 4 სკოლის მშენებლობა მოიაზრება, რომლისთვისაც გამოიყოფა 12 ჰა მიწის ფართობი. ამის შესახებ ქალაქის განაშენიანების გეგმის პროქტში წერია, რომელიც ექსპერტებმა შეიმუშავეს. გეგმა გათვლილია 2030 წლამდე პერიოდზე.

დოკუმენტში წერია, რომ ზოგიერთი მოქმედი სკოლა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს და საჭიროა მათი გამოცვლა.

მაგალითად, N2 სკოლა უმჯობესია გადაკეთდეს ბაღად და N2 სკოლისთვის მოიძებნოს ალტერნატიული დიდი ზომის ტერიტორია. ასევე, არის ცენტრალური სკოლები, სადაც მოსწავლეების რაოდენობა გაცილებით მეტია სკოლის მიმდებარედ მცხოვრები სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობაზე.

,,ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე სკოლებში გარე უბნებიდან დადიან მოსწავლეები, მაშინ როდესაც გარე უბნის სკოლებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა ფიქსირდება." - აღნიშნულია დოკუმენტში.

ეს დოკუმენტი წარმოადგენს სხდომის ოქმს, სადაც შეტანილია განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლებისა და გორის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე ექსპერტების სამუშაო შეხვედრის დეტალები.

სკოლების საკითხზე ჩატარებულია 2 სხდომა. პირველ სხდომას განათლების რესურსცენტრიდან ესწრებოდა ნანა ტერმაკოზაშვილი, ასევე, მერიის წარმომადგენლებიც – განათლებისა და კულტურის სამსახურიდან. მეორე სხდომას კი - საკრებულოს განათლების საკითხთა კომისიის წევრები. დეტალურად უფრო მეორე სხდომაზე ისაუბრეს.

საჭიროა სკოლების და საბავშვო ბაღებისთვის მიწის ნაკვეთების მოძიება მათი გაფართოებისთვის. ამის რამდენიმე შემთხვევა უკვე არსებოს, საპროექტო ჯგუფის რეკომენდაცია იქნება, რომ ის მუნიციპალური ტერიტორიები, რომლებიც თავისუფალია რაიმე საქმიანობისგან, სამომავლოდ დარეზერვდეს სკოლის და საბავშვო ბაღის ეზოს და შენობის გასაფართოებლად.

სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება, საბავშვო ბაღების შემთხვევაში მოითხოვს 12 კვ.მ ერთ აღსაზრდელზე.

სკოლების შემთხვევაში ქართული სტანდარტი არ არსებობს და საპროექტო ჯგუფის მიერ განისაზღვრა 15 კვ.მ ერთ მოსწავლეზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ უმჯობესია რომ სკოლებში ბავშვების მიღება ფუნქციონირებდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; რომ ქალაქის ცენტრის სკოლაში ბავშვების ჭარბ რაოდენობას განაპირობებს სოციალური სტატუსი, მეტად შეძლებული ფენები იზიდავენ სკოლაში მოსწავლეების დიდ ნაკადს.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს მეორე სკოლის საკითხი. N2 სკოლა ვერ იტევს მოსწავლეებს და რამდენად რეალურია აღნიშნული სკოლის გაფართოება სხვა ტერიტორიაზე გადატანით სამომავლო პერსპექტივაში?

ამ კითხვაზე გორის საკრებულოს განათლების კომიტეტის წარმომადგენელმა განმარტა: ,,პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს კანონი, რომლითაც მოხდება სკოლაში ბავშვების რაოდენობის დარეგულირება და აკრძალავს გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის ბავშვების მიღებას. არ კონტროლდება რამდენ ცვლიანია სკოლა და როგორი განრიგით და პირობებით ხდება გაკვეთილების ჩატარება."

სხდომაზე აღინიშნა, რომ გორს აქვს სივრცეები, რაც  უმაღლესი სტანდარტის მქონე 3-4 ახალი, 1500-მოსწავლიანი სკოლის აშენების საშუალებას იძლევა. ამიტომ ზემოთაღნიშნული პრობლემები არ უნდა ფიქსირდებოდეს ქ. გორში.

ასევე აღინიშნა, რომ სკოლის მართვის და სწავლების ხარისხის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მოსახერხებელია 600-მოსწავლიანი სკოლის აშენებაც.

,,ახალი 1500 მოსწავლიანი სკოლისთვის გამოვყავით 4 ტერიტორია - წმინდა წყლის დასახლება, ყოფილი ბამბეულის კომბინატის ტერიტორია, ჭალა, რომლის დარეზერვებაც შესაძლებელია სამომავლო განვითარებით. როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს რომ ახალი სკოლის აშენებისთვის აუცილებელია ნორმატიული პირობაა 3ჰა მიწის ტერიტორიის არსებობა." - იკითხეს ექსპერტებმა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლების პოზიცია:

- აუცილებელია სკოლისთვის მიწის რესურსის სამომავლო გათვლა 1500 მოსწავლეზე.

- ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სასურველია ალტერნატიული შენობის შეთავაზება ასევე N4 სკოლისთვის.

- ასევე, N6 სკოლა, რომელსაც არასათანადო ინფრასტრუქტურა გააჩნია, სასურველია გადავიდეს სადგურზე, სადაც ახალი ფართის ასაშენებლად მიწის რესურსიც არსებობს.

შეგახსენებთ, გორის მერიამ შეადგინა ქალაქის განაშენიანების გეგმა, რომელიც გათვლილია 10 წელიწადზე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები