ახალი ამბები
ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. მონუმენტი სოფლის შესასვლელში, წყაროსთან გააკეთეს. 

საჯარო რეესტრის მიხედვით, ტერიტორია რესტორან ,,რანჩო ვარიანს'' ეკუთვნის, რომლის მფლობელი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკია.



გიორგი კანდელაკი ვარიანელია. ის საბჭოთა ბელადს იოსებ სტალინს დიდი ხანია თაყვანს სცემს. რესტორან ,,სპორტ-კაფეს'' გორში სახელი შეუცვალა ,,ჟოზეფით'' (იოსებით). გარდა ამისა, რესტორან ,,ჟოზეფში'' სპეციალური კუთხე მოაწყო, სადაც სტალინის პორტრეტებია გამოფენილი. იმ კუპეში ის ხალხი იკრიბება, ვისაც სტალინი უყვარს.

რაც შეეხება ვარიანის ძეგლს, ის სოფლის წყაროს სიახლოვეს გააკეთეს. წყარო - მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. როგორც ირკვევა, წყაროს რეაბილიტაცია ცოტა ხნის ჩაუტარდა. 

ვარიანში სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ ინფორმაციას დეკანონი ილია ჭიღლაძე ეხმაურება. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ იმ სოფელში, სადაც იაკობ გოგებაშვილი დაიბადა, სტალინის ძეგლი არ უნდა იდგეს. 



,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სოფელში ტირანი ანტიქართვლის, რუსი დიქტატორის, ნაქართველარ სტალინის ძეგლი დაუდგამთ. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ აღებულ იქნეს ეს ძეგლიც, ასევე სტალინის სხვა ძეგლებიც საქართველოში, თანახმად კანონისა საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ. დამოუკიდებელ საქართველოში ამ კრემლის სისხლიანი ჯალათის და საქართველოს უდიდესი მტრის, ახალი მურვან ყრუსა და მეორე თემურ ლენგის ძეგლის ადგილი არ არის. მოვუწოდებ შეგნებულ ქართველ ერს, დადგეს თავის სიმაღლეზე და გაანადგურონ მტრის სიმბოლიკა.'' - აცხადებს ილია ჭიღლაძე.

,,თავისუფლების ქარტიის'' მიხედვით, საქართველოში აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკების გამოფენა. კონტროლი ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ევალება. ვარიანში აცხადებენ, რომ სტალინის ძეგლი არ წარმოადგენს უბრალო სიმბოლიკას.



ვარიანში ძეგლის მშენებლობის დაწყება იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც გორში ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. 2022 წლის 11 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის "სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის" გამართა საინფორმაციო შეხვედრა გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან.

პროექტი 12 იანვიდან მიმდინარეობს და იგი მიზნად ისახავს გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდასა და სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანას, რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ვიზუალიზაციას, ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული "იდენტობის რუკის" შექმნას, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს.

,,დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები