ახალი ამბები
გორში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს
გორში მამაკაცი დაჭრეს. პოლიცია მობილიზებული იყო წმინდაწყალზე - ცხინვალის გზატკეცილსა და ჯორბენაძის ქუჩის კვეთაზე.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი პატრულის თანამშრომლებმა ამ ადგილზე მანქანაში ნახეს. იმავე მანქანით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

50 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გორმედში გააკეთეს: ქირურგის დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

,,კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 14 ჭრილობა აღენიშნებოდა, აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები. თავის, კისრის და ზედა კიდურების არეში ფიქსირდებოდა 14 არაშემავალი სისხლმდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გორის მაცნეს ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები